აშშ-ში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციისთვის საჭირო მილიონობით დოზის სადისტრიბუციო ცენტრებში მიტანის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, - ამის შესახებ თეთრი სახლის კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორმა ჯეფ ზიენტსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ ფედერალურმა მთავრობამ ამ ასაკის ყველა ბავშვისთვის (28 მილიონი) საკმარისი მარაგი შეიძინა. "მზად ვართ, 5-11 წლის ბავშვებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 8 ნოემბრის კვირიდან დავიწყოთ",- განაცხადა ზიენტსმა. ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების Pfizer/BioNTech ვაქცინით აცრის რეკომენდაცია 27 ოქტომბერს გასცა. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს. 7 ოქტომბერს Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართეს და 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვის გაცემა ითხოვეს.