ბრიტანული Middle East Eye-ის ცნობით, აშშ-ს ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა, დაადასტურა, რომ „გავლენიან კერძო ამერიკულ კომპანიას“ შეუძლია ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების გარანტის როლი შეასრულოს.
ბარაკის თქმით, ინიციატივა თურქეთიდან წამოვიდა და აშშ დაეთანხმა მის წინადადებას. სომხურმა მხარემ, თავის მხრივ, შესთავაზა, რომ კომპანიას ასევე ემუშავა ნახიჩევანზე გამავალ გზის მონაკვეთზე. აზერბაიჯანმა ეს მიუღებლად მიიჩნია.
„ისინი 32 კილომეტრიან გზაზე კამათობენ, მაგრამ ეს პატარა რამ არ არის. ეს უკვე ათწლეულია გრძელდება - 32 კილომეტრიანი გზა“, - განაცხადა ელჩმა ბარაკმა ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე.
„და რაც ხდება, ამერიკა ერევა და ამბობს: „კარგი, ჩვენ ამას ვიღებთ. მოგვეცით 100-წლიანი იჯარის ხელშეკრულება ამ 32 კილომეტრზე - და თქვენ ყველას შეძლებთ მის გამოყენებას“, - დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მარტში მიაღწიეს კონსენსუსს სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, ბაქო კვლავ დაჟინებით მოითხოვს დამატებით პირობებს შეთანხმების ოფიციალურად ხელმოწერამდე.
აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ ერევანმა შეცვალოს კონსტიტუცია. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება კვლავ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ რჩება, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ანკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს.
სომხეთი უარს ამბობს ტერმინის „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებაზე, იმ მოტივით, რომ მას მიუღებელი კონოტაცია აქვს სუვერენული სომხეთის ტერიტორიის, სიუნიუქის, მიმართ.
აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ დერეფანზე სომხეთს სრული კონტროლი არ უნდა ჰქონდეს. სომხეთი ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარშრუტის კონტროლის გადაცემას ნებისმიერი მესამე მხარისთვის.
ბარაკის კომენტარები პირველი ოფიციალური დადასტურებაა იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესთავაზა კორიდორის მართვა კერძო ამერიკული კომერციული ოპერატორის მეშვეობით, რომელიც ნეიტრალური გარანტის როლს შეასრულებდა.
კარნეგის ფონდის ბოლოდროინდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ გეგმა ეფუძნება ევროკავშირის ადრინდელ წინადადებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ლოგისტიკური კომპანია პასუხისმგებელი იქნებოდა მარშრუტის გასწვრივ ტვირთების ტრანზიტის მართვასა და მონიტორინგზე, მონაცემების გამჭვირვალედ გაზიარებით ყველა მხარესთან.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინადადება ეფუძნება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო ზედამხედველობის პრეცედენტებს და მიზნად ისახავს ბაქოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას საიმედო გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ამავდროულად ერევნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას კორიდორზე.
მოლაპარაკებებთან დეტალების მცოიდნე რეგიონულმა წყარომ Middle East Eye-ს განუცხადა, რომ თავდაპირველად თურქეთმა შესთავაზა კორიდორის ოპერირების კერძო კომპანიის იდეა, რომელიც დამტკიცდა როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მიერ.
„თუმცა, სომხურმა მხარემ მოითხოვა, რომ ამ კომპანიამ დერეფნის ნახიჩევანის მხარესაც იმოქმედოს, რაც ბაქოსთვის მიუღებელი იყო“, - თქვა წყარომ.
თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მჭიდრო კავშირშია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივასთან.
თურქეთის ხელისუფლება სომხეთს კრიტიკულ რგოლად მიიჩნევს ე.წ. „შუა კორიდორში“, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს თურქეთს ცენტრალურ აზიასთან. თურქული კომპანიები ასევე დაინტერესებულნი არიან სომხეთში პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით.
ბაქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გასულ თვეში მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ეს იყო სომხეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში.