აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს, უწყების წარმომადგენელმა, ტომას პიგოტმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სავარაუდო შეხვედრის დეტალების შესახებ დასმული კითხვა კომენტარის გარეშე დატოვა.
"შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რაც აქამდე სახელმწიფო მდივანმა თქვა, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან". - თქვა პიგოტმა.
სახდეპის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მთავარია კონფლიქტის დასრულება, მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება.
5 აგვისტოს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ "პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება".
უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სამმხრივი შეხვედრის იდეა წამოაყენა, რომელსაც ტრამპი, ზელენსკი და პუტინი დაესწრებიან.
7 აგვისტოს პუტინმა მედიას განუცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის გასამართად რამდენიმე ადგილი, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება.