თეთრი სახლის განცხადებით, მოსკოვში სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრის დროს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის ინიციატივით რუსული მხარე გამოვიდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

"როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ის ეთერში განაცხადა, სპეციალური წარმომადგენლის, უიტკოფისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის დროს დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

რუსებმა გამოთქვეს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი და პრეზიდენტი ღიაა როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისთვის", - განაცხადა ლევიტმა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი ყველაფერს აკეთებს ამ ომის დასრულებისთვის.

ამავდროულად, მას არ დაუკონკრეტრბია, ვისი ინიციატივა იყო აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი შეხვედრის ჩატარება ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შემდეგ.