აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. 

ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.

„23 იანვარს ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანების შესაბამისად, გაერთიანებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა „სამხრეთ შუბმა“ დაბომბა გემი, რომელსაც ექსპლუატაციას ტერორისტული ორგანიზაციები უწევდნენ“, - აღნიშნულია სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების კონტრაბანდის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტრეფიკით იყო დაკავებული.

„ორი ნარკოტერორისტი მოკვდა, ხოლო ერთი გადარჩა. დაბომბვის შემდეგ სამხრეთ სარდლობამ დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ის სანაპირო დაცვას, რათა მათ ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციის განხორციელება დაეწყოთ“, - დასძინეს სამხრეთ სარდლობაში.