აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ომანის ყურესა და ირანის სანაპიროებთან ხუთი ირანული ნავთობტანკერი გაანადგურეს.
აღნიშნული საპასუხო სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ამერიკული სამხედრო ხომალდის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით ორჯერ სცადა თავდასხმა.
პენტაგონის ცნობით, განადგურებულია ისეთი საზღვაო ხომალდები, რომლებიც ირანის ძალების ნავთობის არალეგალურ ქსელთან იყვნენ დაკავშირებული (მათ შორის, ტანკერები Kaviz, Charminar, Horizon 1, Riesco და Derya). დარტყმების წინ ეკიპაჟის წევრებს გემების დატოვება მოსთხოვეს.
აშშ-ის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ირანის ყველა მცდელობა ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ უშედეგო იყო და ხომალდები არ დაზიანებულან. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მსგავს პროვოკაციებს პასუხი მუდმივად გაეცემა.




