ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ჩანიშნული ბრიფინგი, რომელიც უკრაინის საკითხს ეხებოდა და რომელზედაც დახმარების ახალი პაკეტის პირობები უნდა განეხილათ ფაქტობრივად ჩაიშალა.
AFP-ის ინფორმაციით, ბრიფინგის დაწყებიდან მალევე რესპუბლიკელებმა მოითხოვეს სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებებზე საუბარი, რაც უკრაინის დახმარების მხარდასაჭერად მათი მთავარი წინაპირობაა.
აღნიშნულ ბრიფინგზე ვიდეო ჩართვით უნდა გამოსულიყო უკრაინის პრეზიდენტი, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა სენატში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო.
ბრიფინგი პროტესტის ნიშნად დატოვა იუტის სენატორმა, მიტ რომნიმ - მისი თქმით, დემოკრატიულ პარტიის წევრებს არ ჰქონიათ არანაირი შემოთავაზება, რომელიც საზღვარზე ვითარების გაუმჯობესებას შეეხებოდა.
"ბრიფინგზე საუბრობდნენ ისეთ ამბებზე, რომელსაც ნებისმიერ გაზეთში ამოვიკითხავთ, ამ გამოსვლებში არ ყოფილა არაფერი ახალი. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ უნდა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება".- ციტირებს AFP მიტ რომნის.