აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფსს) ფედერალური საკრედიტო სახსრების საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით – წლიურ 3.75-4%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება აშშ-ში ინფლაციასთან დაპირისპირების აუცილებლობით არის დასაბუთებული.

ფსს-ს მიერ განაკვეთის გაზრდა სამი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. მანამდე ის 2024 წელს სამჯერ, ხოლო 2025 წელს კიდევ სამჯერ შემცირდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ განაკვეთის გაზრდას ღია ბაზრის ოპერაციების ფედერალური კომიტეტის (FOMC) ყველა, 12-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.

"ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენი ძირითადი ყურადღება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. მარტივად რომ ვთქვათ, ინფლაცია ზედმეტად მაღალია და ეს უკვე ძალიან დიდხანს გრძელდება, ეს ფაქტია", – ხაზგასმით აღნიშნა პრესკონფერენციაზე ფსს-ს ხელმძღვანელმა კევინ უორშმა.

სააგენტო AFP-ს განმარტებით, ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკისგან განსხვავებით, აშშ-ის ფსს-ს თავისი მანდატის ფარგლებში ორი ამოცანა აქვს: ფასების სტაბილურობისა და მყარი შრომის ბაზრის უზრუნველყოფა.

კევინ უორში ფსს-ს ხელმძღვანელის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტამპმა წარადგინა და მან ეს თანამდებობა მაისის შუა რიცხვებში დაიკავა. 2006-დან 2011 წლამდე ის ფსს-ს მმართველთა საბჭოში შედიოდა. მანამდე უორში ბანკირად მუშაობდა კომპანია Morgan Stanley-ში.