აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებული ტარიფები, რომლებიც აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ 28 მაისს დროებით დაბლოკა, ვაშინგტონის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს 29 მაისის გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება მანამ, სანამ საქმის სასამართლოში განხილვა გრძელდება. 

29 მაისს ვაშინგტონის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თეთრი სახლის მოთხოვნა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ, რომელმაც დაასკვნა, რომ ტრამპმა ამ ტიპის იმპორტის გადასახადების დაწესებით საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. 

ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მისი სატარიფო პოლიტიკის გამო, სასამართლოში სარჩელი თავდაპირველად მცირე ბიზნესებმა და რამდენიმე შტატმა შეიტანეს. სააპელაციო საჩივარში ტრამპის ადმინისტრაცია წერდა, რომ აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაუმართლებლად დააყენა ეჭვქვეშ პრეზიდენტის უფლებამოსილება და საფრთხე შეუქმნა თვეების განმავლობაში მიმდინარე კომპლექსურ სავაჭრო მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან.