აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც მხარი დაუჭირეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა. ეს ამერიკის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს ე.წ. შათდაუნი - სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, რაც 17 ნოემბერს შეიძლებოდა მომხდარიყო.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი და კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტი არ მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას.

დროებითი დაფინანსების კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსების გაგრძელებას 2024 წლის 19 იანვრამდე და ნაწილის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსას - 2 თებერვლამდე.

აშშ, სადაც ფინანსური წელი, ტრადიციულად, სექტემბერში სრულდება, მომავალი, 2024 წლის, სრულყოფილი ბიუჯეტის მიღებას ვერ ახერხებს ზოგიერთ პარამეტრზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოების გამო. მათ შორისაა უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი.

უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დახმარების დაფინანსებისა და შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის გაძლიერების საკითხები, ცალკე განიხილება. თეთრმა სახლმა ამ მიზნებისათვის კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა შესთავაზა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურდა, რომ ყველა მიზნისთვის დაფინანსების საკითხი ერთ პაკეტში განხილულიყო, რაც რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო არ გავიდა.