ჩემთვის მას დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, გადავიდა თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა. ის რჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა პოლიტიკური ლეგიტიმაცია დღეს მას აქვს ყველაზე დაბალი, რაც კი ჰქონია პრეზიდენტობის პერიოდში იმიტომ, რომ მან პრაქტიკულად გადადგა ნაბიჯები, რომელმაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაარღვია კონსტიტუცია, გახდა იმპიჩმენტის სუბიექტი და სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის დამრღვევად“.

„ჩამოვწეროთ რა გააკეთა ამ ხალხმა, ვინც ჩვენ პრორუსობაში და რუსული საქმის კეთებაში გვადანაშაულებს. ეს ხომ უსინდისობაა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება რუსული საქმის კეთებაში დაადანაშაულო. მოდით ჩამოვთვალოთ ვისთან დგას ქალბატონი პრეზიდენტი. გავარკვიოთ, ვის ბრალდებებს იმეორებს-კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, რომლის პერიოდშიც, თუ რამე გახსენდებათ ინსტიტუციური წინსვლა ევროკავშირთან მიმართებით მითხარით და მოვიწონებ ამ ყველაფერს და მადლობასაც გადავიხდი, მაგრამ მე არ მახსენდება რაიმე აღიარებული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს. 

პირიქით, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები იყო და ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. მედია- აქ, თქვენს ტელევიზიაში იყო რეიდი და ჟურნალისტები ისხდნენ ციხეში თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო. ტერორში იყო ბიზნესი, ხალხი ღამით დადიოდა პროკურატურაში და საკუთარი მშობლების დატოვებულ, თავის შექმნილ ბიზნესებს ჩუქნიდა სახელმწიფოს. პოლიტიკოსები ისხდნენ ციხეში, იყო წამება, ადამიანების დამცირება და იყო აბსოლუტური მონოპოლია ძალაუფლებაზე. ეს არის ზუსტად ანტიევროპული საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.