აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ბრიტანელი ვეტერანებისა და პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის კომენტარები ავღანეთში ბრიტანული ჯარების შესახებ იყო „შეურაცხმყოფელი და, გულწრფელად რომ ვთქვათ, შემზარავი“.

„მე რომ ასე გამომეხატა ჩემი აზრი ან მეთქვა ეს სიტყვები, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდიდი“, - თქვა მან.

ამერიკა ნატოს ერთადერთი წევრია, რომელიც გამოიყენა მე-5 მუხლი - კოლექტიური უსაფრთხოების დებულება, რომლის მიხედვითაც ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმად ითვლება.

დიდი ბრიტანეთი იმ რამდენიმე მოკავშირეს შორის იყო, რომლებიც აშშ-ს შეუერთდნენ ავღანეთში 2001 წელს, მას შემდეგ, რაც მან 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ გამოიყენა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების დებულებები.
ავღანეთში 457 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - წერს „სქაი ნიუსი“.

გამოცემა ასევე შეახსენებს მკითხველს, რომ ავღანეთში აშშ-მა 2 461 ჯარისკაცი დაკარგა, ამერიკის მოკავშირეებმა კი 1160 ჯარისკაცი, რაც კოალიციური ჯარების დანაკარგის საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედია და აღნიშნავს, რომ დანიელებმა ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, ვიდრე ნატოს ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ (ზოგიერთი გამოცემა დანიელების მიერ ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვაზე წერს ნატოს წევრ ქვეყნებზე აპელირების გარეშე, რაც არაა სიმართლე - „აიპრესი“).

„სქაი ნიუსი“ ციტირებს ლიბერალ-დემოკრატების ლიდერს, ედ დეივის, რომელმაც X-ზე დაწერა:

„ავღანეთში 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ტრამპმა ხუთჯერ აირიდა თავი სამხედრო სამსახურს („ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, სამხედრო სამსახურში ტრამპის გაწვევა ოთხჯერ გადაიდო, რათა კოლეჯში გაეგრძელებინა სწავლა, და ერთხელ იმიტომ, რომ მას ქუსლებზე ძვლის წანაზარდების - ძვლოვანი ქსოვილის უჩვეულო წანაზარდების - დიაგნოზი დაუსვეს -  „აიპრესი“). როგორ ბედავს მათი მსხვერპლის ეჭვქვეშ დაყენებას? ფარაჯმა და ყველა დანარჩენს, ვინც ჯერ კიდევ ეთაყვანება ტრამპს, უნდა შერცხვეს“.

ცნობისთვის, სამწუხაროდ, ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი დანაკარგი საქართველომ განიცადა და ვიკიპედიას და ზოგიერთ სხვა წყაროში გამოთვლა საქართველოს მოსახლეობის გადაჭარბებულ რაოდენობას ემყარება. არცერთხელ, ავღანეთში კოალიციური ძალების შესვლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს მოსახლეობა არ ყოფილა 4,4 მილიონი. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2001-2007 წლებში საქართველოს მოსახლეობა 4,0-3,9 მილიონის, ხოლო 2008-2021 წლებში კი 3,8-3,7 მილიონის ფარგლებში იყო. მაშასადამე, დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა ყოველ მილიონზე 8,4-ს უტოლდება.