ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ ანტონიუ კოშტამ, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება "სტუდენტურ სიას" მიულოცეს და ამ პოლიტიკურ ძალას ევროკავშირის წევრობისკენ ბალკანეთის ქვეყნის წინსვლის საქმეში თანამშრომლობას დაჰპირდნენ.
"დღეს სერბეთის ხალხმა აჩვენა რეკორდული აქტივობა, რათა შექმნას საკუთარი ქვეყნის მომავალი", - ხაზგასმით აღნიშნეს ფონ დერ ლაიენმა და კოშტამ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თითოეულმა მათგანმა X-ის მიკრობლოგზე გამოაქვეყნა. "ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში და ვითანამშრომლოთ ევროკავშირში სერბეთის მომავლის აშენების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში.
თავის მხრივ, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა X-ზე დაწერა: "დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლისთვის გამართული თითქმის ორწლიანი პროტესტების შემდეგ, სერბებმა რეკორდული აქტივობა აჩვენეს. ვულოცავთ "სტუდენტურ სიას" გამარჯვებას! ეს არის ევროკავშირის გულში არსებული ძირითადი ღირებულებები. სერბეთისთვის შესაძლოა, ახალი თავი დაიწყოს. ევროკავშირის კარები ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმოძრაოთ წინ".
სერბეთის ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ევროკავშირის წარმომადგენელთა არცერთ ზემოთ მოყვანილ განცხადებაში არ არის ნახსენები. მისი "სერბეთის პროგრესული პარტია" (СНС) რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში "სტუდენტურ სიასთან" დამარცხდა. როგორც თავად ვუჩიჩმა განაცხადა, "სტუდენტური სია" სერბეთის პარლამენტში 250 ადგილიდან 135-დან 140-მდე მანდატს იღებს. მისი მხარდამჭერები კი, ამ მონაცემებით, 105 სადეპუტატო მანდატს მიიღებენ.
ბიულეტენებში 18 საარჩევნო სია იყო წარმოდგენილი, თუმცა ძირითადი კონკურენტები ვუჩიჩის მმართველი პარტია (СНС) და სია "სტუდენტები იმარჯვებენ" გახდნენ. ეს უკანასკნელი 2024 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ჩამონგრევის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გაჩნდა. მაშინ 16 ადამიანი დაიღუპა. კრიტიკოსებმა ტრაგედია ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობის კორუფციასა და დაუდევრობას დაუკავშირეს.
სექტემბრის ბოლოს ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რათა თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობას ჩასდგომოდა სათავეში. ვუჩიჩის მეორე საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. მას მესამე ვადით კენჭისყრა აღარ შეეძლო.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ, სერბეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 64,9% შეადგინა. ეს სარეკორდო მაჩვენებელია 1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ.




