არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაჭრილია 11, მათ შორის 8 ბავშვი.

დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის მიზანია რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".

მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით ჩადო".

სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება საომარი მოქმედებების ამსახველი ვიდეო კადრები, ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში კი საჰაერო განგაშია გამოცხადებული.