გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ არც ისრაელის მთავრობა და არც მოძრაობა "ჰამასი" არ არიან დაინტერესებული ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტით.

"ჩემთვის აშკარაა, რომ ორივე მხარე არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით და ეს არის ტრაგედია, რადგან ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

"არც ისრაელის მთავრობას და არც "ჰამასს" ნამდვილად არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა", - დასძინა მან.

ამასთან, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ლიბანში ვითარება შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში, რომელიც მასშტაბით ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის მსგავსი იქნება.

მისივე თქმით, გასულ კვირას პეიჯერების აფეთქებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პრევენციული დარტყმა მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.

"ფაქტი, რომ ეს მოვლენები მოხდა, ნიშნავს, რომ არსებობს გაცილებით ძლიერი ესკალაციის პოტენციალი. და სწორედ ეს მაშფოთებს – შესაძლებლობა, რომ ლიბანი გადაიქცეს კიდევ ერთ ღაზად, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი ტრაგედია იქნება მსოფლიოსთვის", – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.