ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გაახანგრძლივა იმ საპროცესო ვალდებულებების მოქმედების ვადა, რომლებიც დაკისრებული აქვს პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს. ამასთან, სასამართლომ ერმაკი, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებისგან გაათავისუფლა „სამედიცინო ჩვენებების შესაბამისად“.
უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს საგამოძიებო მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა და პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ დაკისრებული საპროცესო ვალდებულებების ვადა 60 დღით გააგრძელა.
ეჭვმიტანილი ვალდებულია:
გამოცხადდეს დეტექტივის, პროკურორისა და სასამართლოს თითოეულ მოთხოვნაზე;
აცნობოს გამომძიებელს (დეტექტივს), პროკურორსა და სასამართლოს საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლის შესახებ.
არ დატოვოს ადრე დადგენილი დასახლებული პუნქტების საზღვრები;
შესანახად ჩააბაროს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს საზღვარგარეთ გასამგზავრებელი თავისი პასპორტი (პასპორტები), დიპლომატიური პასპორტები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც უკრაინიდან გასვლისა და უკრაინაში შესვლის უფლებას იძლევა;
თავი შეიკავონ საგამოძიებო მოსამართლის დადგენილებაში მითითებულ პირებთან (მოცემული წარმოების ფარგლებში არსებულ სხვა ეჭვმიტანილებთან და მოწმეებთან) ურთიერთობისგან იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც გადმოცემულია ეჭვის შესახებ შეტყობინებაში.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სამედიცინო სპეციალისტის განმარტებების თანახმად, ელექტრონული კონტროლის საშუალების შემდგომმა ტარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უარი თქვა აღნიშნული საპროცესო მოვალეობის გაგრძელებაზე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრი ერმაკი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2025 წლის 28 ნოემბერს გაათავისუფლა. ამას წინ უსწრებდა ჩხრეკა ერმაკთან და მისთვის ბრალი წარდგენა კიევის ოლქის დასახლება კოზინში ელიტური კოტეჯების მშენებლობის დროს 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციის საქმეზე. გამოძიების მონაცემებით, მშენებლობისთვის სახსრები, მათ შორის, შესაძლოა შემოსულიყო „ენერგოატომში“ არსებული კორუფციული სქემებიდან. სასამართლო სხდომების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ იერმაკი სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნებთან დაკავშირებით რჩევას ეკითხებოდა მკითხავ თამარას, რომელიც მას კონტაქტებში ჩაწერილი ჰყავს როგორც „ვერონიკა ფენშუი ოფისი“. კერძოდ, ის მას უგზავნიდა კანდიდატების დაბადების თარიღებს და რჩევას სთხოვდა. უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 140 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს შეტანის უფლებით. სხდომის შემდეგ ერმაკმა განაცხადა, რომ ის არ იყო მზად ასეთი გადაწყვეტილებისთვის და არ აქვს მსგავსი სახსრები, თუმცა ჰყავს მეგობრები, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ.ერმაკმა წინასწარი დაკავების იზოლატორი მას შემდეგ დატოვა, რაც მისთვის გირაო შეიტანეს. ამის შემდეგ უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს საგამოძიებო მოსამართლემ შეცვალა პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და გააფართოვა მისი გადაადგილების შეზღუდვები მთელ რიგ ოლქებში.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




