უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ უკრაინელი სკელეტონ მრბოლელის და 2026 წლის XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინის ეროვნული ნაკრების მედროშის  ვლადისლავ ჰერასკევიჩის დისკვალიფიკაციას.

"საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრძალა არა უკრაინელი სპორტსმენი, არამედ საკუთარი რეპუტაცია. მომავალი თაობები ამას სირცხვილის მომენტად დაამახსოვრებენ. მას მხოლოდ ომის დროს დაღუპული სპორტსმენების ხსოვნის პატივისცემა სურდა. ამაში არაფერია ისეთი, რაც წესებს ან ეთიკას ეწინააღმდეგება", - წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დააშინა, უპატივცემულობა გამოუცხადა და ლექციაც კი წაუკითხა ჩვენს სპორტსმენებს და სხვა უკრაინელებს, თუ როგორ უნდა გაჩუმებულიყვნენ მსოფლიოში არსებული 130 კონფლიქტიდან ერთ-ერთის შესახებ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი  სისტემატურად ვერ ახერხებს საერთაშორისო სპორტისა და ოლიმპიური ქარტიის უდიდეს დამრღვევთან - რუსეთთან დაპირისპირებას. ქვეყანამ, რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამჯერ დაიწყო ოლიმპიური ზავის დროს შეჭრა, განახორციელა ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო დოპინგის პროგრამა, მოკლა 650 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი და გაანადგურა 800 სპორტული ობიექტი უკრაინაში. სწორედ რუსები უნდა მოიხსნან და არა მსხვერპლთა პატივისცემა აიკრძალოს. არცერთი მათგანი არ არის ნეიტრალური".

ცნობისათვის, ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აკრძალა ჩაფხუტი რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებით