ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოელიმ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ნავთობკომპანია Lukoil-თან მისი საერთაშორისო ენერგეტიკული აქტივების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ მან Reuters-ს განუცხადა. მყიდველთა კონსორციუმში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) შედის.
გარიგება, რომელზედაც მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, ითვალისწინებს Lukoil-ის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გაცვლას კომპანიის საერთაშორისო აქტივებში. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 16 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო შეთანხმებას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაზე შეამოწმებს.
გარიგების დამტკიცების შემთხვევაში, ვაშინგტონი სამომავლო მოგების ნაწილს მიიღებს მას შემდეგ, რაც კერძო ინვესტორები დაიბრუნებენ ჩადებულ კაპიტალსა და შეთანხმებულ შემოსავალს. ამერიკული მხარე ასევე მიიღებს ადგილს ახალი კომპანიის დირექტორთა საბჭოში. მოლაპარაკებების მონაწილეთა თქმით, გარიგება შეზღუდავს მოსკოვის შესაძლებლობას, დააფინანსოს ომი უკრაინაში, და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე რუსულ გავლენას ამერიკულით ჩაანაცვლებს.
Lukoil-ის საერთაშორისო პორტფელი 11 ქვეყანას მოიცავს. მასში შედის საწარმოები, რომლებიც დღე-ღამეში დაახლოებით 350 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებენ, მსხვილი საბადოები აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და რუმინეთში, ასევე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, მათ შორის აშშ-ში.
გარიგების დასასრულებლად აუცილებელია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) ნებართვა. პორტფელის მასშტაბების გამო, შემოწმებამ, შესაძლოა, ხანგრძლივი დრო წაიღოს. ბოელი გარიგების დასრულებას ერთი წლის განმავლობაში ვარაუდობს. ახალი საწარმო სხვა სახელწოდებას მიიღებს.
გასაცვლელად განკუთვნილი Lukoil-ის აქციები ადრე ეკუთვნოდა ამერიკულ და ბრიტანულ ფონდებსა და სადეპოზიტო ბანკებს, რომლებიც მათ კერძო ინვესტორების ინტერესებიდან გამომდინარე ფლობდნენ. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ფასიანი ქაღალდები გაიყინა და გაუფასურდა. ახლა მათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ესქროუ-ანგარიშზე განათავსებენ და უშუალოდ Lukoil-ს არ გადასცემენ. ამან უნდა გამორიცხოს რუსული კომპანიის მიერ პირდაპირი ფინანსური სარგებლის მიღება.




