"არ მინდა არანაირი სამძიმრის მოსმენა. ჩვენ ის ციხეში ვნახეთ 12 თებერვალს. ის ცოცხალი, ჯანმრთელი და ბედნიერი იყო" - აცხადებს 47 წლის რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დედა.

ნავალნის მეუღლემ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს და თუ ეს მართალია, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაერთიანდნენ, რათა ვლადიმირ პუტინმა, მისმა მეგობრებმა, გარემოცვამ პერსონალურად აგონ პასუხი იმაზე, რაც დამართეს ქვეყანას და ალექსეი ნავალნის.

რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისის ვებ–გვერდზე 47 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნდა ცნობა.

„2024 წლის 16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაში, მსჯავრდადებულმა ა.ა. ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების სამედიცინო მუშაკები სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს“.

„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდადებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.

ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა განუცხადა Novaya Gazeta-ს, რომ მან ოთხშაბათს მოინახულა ნავალნი კოლონიაში და "მაშინ ყველაფერი კარგად იყო“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ”არსებობს გარკვეული წესები, რომლითაც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ახლა ხელმძღვანელობს”, - თქვა პესკოვმა.