ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე ლაბორატორიამ ალექსეი ნავალნის ბიომასალების ნიმუშებში აღმოაჩინა ეპიბატიდინი - სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის (Epipedobates tricolor) კანიდან ამოღებული მაღალტოქსიკური ნივთიერება.
ხუთი ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები) წარმომადგენლები დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დასავლეთის მთავრობები დარწმუნებულები არიან, რომ კრემლის კრიტიკოსი ნავალნი ეკვადორული ბაყაყების შხამით მოკლეს. ლაბორატორიულმა ტესტებმა ეს დაადასტურა. მხოლოდ რუსეთს შეეძლო ამ შხამის გამოყენება, - წერს გერმანული გამოცემა „ტაგესშაუ“.
„მის ნეშტში აღმოაჩინეს ძლიერი ნერვული აგენტი ეპიბატიდინი, რომელიც 200-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი“. ტოქსინი სასუნთქი სისტემის და კუნთების პარალიზებას იწვევს და მსხვერპლი ტანჯვაში იხრჩობა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა საშუალება, რესურსები და მოტივი მოწამვლის განსახორციელებლად. - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა მიუნხენში.
„ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ კრემლი და რუსეთის მთავრობა პასუხისგებაში მივცეთ. - ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რისიც მათ ეშინიათ: გავავრცელოთ სიმართლე - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა.
გერმანია, შვედეთი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) ახალ მონაცემებს წარუდგენენ. ამ ქვეყნების ექსპერტებმა შხამი დაადგინეს, რაც დიდი ხნის ეჭვებს ადასტურებს. ვადეფულის თქმით, OPCW-ის გენერალურ დირექტორს ამ შედეგების შესახებ ეცნობა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ვან ველი განმარტავს, რომ OPCW შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს.




