ევროპაში ყველას არ სურს უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ხილვა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
ვუჩიჩი აცხადებს, რომ ესმის უკრაინის პოზიცია და სურვილი, რაც შეიძლება მალე გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკების ყველა კლასტერი, თუმცა სერბეთის შემთხვევაში ბლოკში გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს.
ვუჩიჩმა ასევე დაასახელა ხორვატია, ბულგარეთი და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანება არ სურთ. ამასთან, მას არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის ევროინტეგრაციას.
„მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, განსაკუთრებით სერბეთისთვის, ახლა უკრაინაზე არ ვსაუბრობ, უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი მრავალი პოლიტიკური მიზეზის გამო, მაგრამ არ მგონია, აბსოლუტურად დანამდვილებით ითქვას, რომ ყველა ევროპელი დადებითად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნების ევროკავშირში წევრობის მიმართ. ამას ყოველთვის ღიად ვამბობ. ჩვენთვის ესენი არიან ხორვატები, ბულგარელები და ჰოლანდიელები, ხოლო უკრაინისთვის – სხვები. თუმცა ამ ეტაპზე გაწევრიანების პრაქტიკაში განხორციელების რაიმე რეალისტურ გზას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.









