ალბანური პრესის ინფორმაციით, ტირანის ცენტრში მდებარე სასამართლოს შენობაში, სასამართლო პროცესზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პროცესის მონაწილემ მოსამართლე მოკლა, პროცესის მონაწილე მეორე მხარის ორი წარმომადგენელი კი დაჭრა.
სააპელაციო სასამართლოში მძიმედ დაჭრილი 32 წლის სტაჟის მქონე მოსამართლე, ასტრიტ კალაჯი, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა, პროცესის მონაწილე მეორე მხარის ორი წარმომადგენელი - მამა და შვილი - კი, საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, მკურნალობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
30 წლის გიონ შკემბი, მოქალაქე, რომელმაც სასამართლოში სროლა ატეხა, სასამართლო შენობის გარეთ დააკავეს. ალბანური მედიის ინფორმაციით, მან ქონებრივ დავასთან დაკავშირებულ პროცესზე მოსამართლეს მას შემდეგ ესროლა, რაც ცხადი გახდა, რომ იგი უარს აცხადებდა დაეკმაყოფილებინა მისი ბიძის სარჩელი და სრულად ეცნო მისი ბიძის უფლება შკოდერის სარეზერვო სკოლის შენობაზე და დაედასტურებინა იქ მცხოვრები 31 ოჯახის გამოსახლებაზე სასამართლო აღმასრულებლების მოქმედების კანონიერება.
პროცესის მონაწილე მეორე მხარის მტკიცებით, რომ ამ შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები 1992 წლიდან ცხოვრობენ არა თვითნებურად, არამედ შკოდერის მუნიციპალიტეტის თანხმობით ისინი 1992 წლიდან ცხოვრობენ და შენობა ისევ სახელმწიფოს ეკუთვნის, მათი გამოსახლების მსურველ პირს კი დოკუმენტები აქვს გაყალბებული.
თავის მხრივ, შკემბის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ შენობა მუნიციპალიტეტისგან 2012 წელს შეიძინეს და იქ მცხოვრებ ხალხთან დავა უკვე ათი წელია აქვთ, სასამართლოს აღმასრულებელმა კი შენობიდან მხოლოდ ორი ოჯახის გაყვანა და ფართის მათთვის ჩაბარება შეძლო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაჭრილი მამა-შვილი იმ ოჯახს წარმოადგენდა, რომელმაც მოახერხა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბლოკირება და შენობიდან მათი გამოსახლების შეჩერება.




