სირიის ახალმა პრეზიდენტმა, აჰმედ აშ-შარაამ ურთიერთობების ნორმალიზაციის სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინს ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ასადის გადაცემა მოსთხოვა, რომელიც ამჟამად მოსკოვს აფარებს თავს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი Al-Arabiya ავრცელებს - კომუნიკაციის სხვა დეტალები უცნობია.
20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა სირიის პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც "გამოთქმული იყო რუსეთის მხარდაჭერა ვითარების მაქსიმალურად სწრაფად სტაბილიზაციის საქმეში. მიმართვა სირიაში მიმდინარე შეტაკებების ფონზე გავრცელდა - გასულ კვირებში შეიარაღებული დაპირისპირებები გახშირდა ტარტუსის პროვინციაში, რომელიც ძირითადი ბაშარ ასადის მხარდამჭერი ალავიტური უმცირესობით არის დასახლებული.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, მოკლულია ათასამდე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის საზღვაო ბაზას თავს აფარებს 8-ათასზე მეტი სირიელი.
სირიის ახალი ლიდერის მოთხოვნის შესახებ გასულ კვირებში Reuters-იც წერდა. წყაროს ცნობით, ასადის გადაცემა აშ-შარაამ ქვეყანაში რუსეთის საზღვაო და საავიაციო ბაზის შენარჩუნების წინაპირობად დაასახელა.
8 დეკემბერს სირიაში ასადების 54-წლოვანი საოჯახო დინასტიის მმართველობა დაემხო - ამავე საღამოს სირიის დიქტატორი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა.