იტალიაში ცხოვრების ხარჯების ზრდის, საწვავზე ფასების მატების, შეიარაღების გაზრდისა და ჯორჯა მელონის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაგრძელდა. სააგენტო AFP-ის ცნობით, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა, ხოლო 371 პირის მიმართ წინასწარი დაკავების ზომები გაატარა, რომელთაგან 110 არასრულწლოვანია.

17 და 18 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა, იტალიის ხელისუფლებამ მილანში ელიტური ქვედანაყოფების 500 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ამასთან, მთავრობამ გაამარტივა არასრულწლოვანთა დაკავების პროცედურა და ქონების დაზიანების შემთხვევაში, მათ მშობლებს ფულადი ჯარიმები დაუწესა. დემონსტრაციებზე დაკვირვების მიზნით გამოიყენებოდა დრონები და ვერტმფრენები, ასევე გაძლიერდა რკინიგზის სადგურების პატრულირება. გარდა ამისა, ხელისუფლება საგულდაგულოდ აკვირდებოდა ინტერნეტსივრცეს, რათა არეულობისკენ ახალი მოწოდებები დროულად გამოევლინა.

სააგენტო dpa-ს მონაცემებით, მილანში საპროტესტო აქცია საღამომდე ძირითადად მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით, ქალაქის ცენტრში, დემონსტრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეთა კოლონის შესაჩერებლად ხელკეტები გამოიყენა. ახალი არეულობებისა და ვანდალიზმის შიშით, ლუქს-კლასის ბრენდების მრავალი მაღაზიის მფლობელმა ვიტრინები აჭედეს.

ბოლონიაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა მომიტინგეთა კოლონა რკინიგზის სადგურთან არ მიეშვა. ტურინში კი სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეები ფარების გამოყენებით უკუაგდეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, რომის ისტორიულ ცენტრში უმეტესად პროპალესტინური დემონსტრაცია გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებმა კოლიზეუმის შიგნითაც შეაღწიეს. საპროტესტო აქციები ასევე ჩატარდა ნეაპოლსა და ფლორენციაში.

ცნობისთვის, იტალიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 17-18 ოქტომბერს დაიწყო, რაც მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა. მოქალაქეები ცხოვრების დონის გაუარესებას, ინფლაციას, ენერგომატარებლებზე ფასების რეკორდულ ზრდასა და სამხედრო ხარჯების მატებას აპროტესტებენ. ამასთან, დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მემარჯვენე მთავრობის პოლიტიკას. ვითარების ესკალაციის გამო, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტოდ გაამკაცრა, ქალაქების ქუჩებში სპეციალური დანიშნულების ძალები შეიყვანა და არასრულწლოვანი დემონსტრანტების დაკავების წესები გაამარტივა.