ირანის უზენაესი ლიდერი არმიის დღის აღსანიშნავ განცხადებაში პირობას დებს, რომ გააგრძელებს წინააღმდეგობას „ურწმუნოების და ამპარტავნების სათავეში მყოფი ორი არმიისადმი“.

ტელეგრამის არხით გავრცელებულ აიათოლა მოჯტაბა ხამენეის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ირანის არმიამ მსოფლიოს უჩვენა ამ ორი არმიის უღონობა და დეგრადირება , ხოლო „მისი დრონები ელვისებური სისწრაფით ესხმიან თავს ამერიკელ და სიონისტ კრიმინალებს.

ირანის „მამაცი ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხების სიმწარე აგემოს“, - აცხადებს ხამენეი.

ალ ჯაზირას ცნობით, მან მიმდინარე ომი წარმოადგინა, როგორც ირანის რევოლუციური ტრადიციის გაგრძელება, 1979 წლის ისლამური რევოლუცია დააკავშირა მიმდინარე კონფლიქტთან ორი წინა „თავსმოხვეული ომის“ მეშვეობით. მისი თქმით, არმიამ „თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა“ რევოლუციის შემდეგ და <არმია> არის „ერის ჭეშმარიტი შვილი“.

მან პატივი მიაგო თავის წინამორბედს, მოკლულ მამას, აიათოლა ალი ხამენეის და უწოდა მას ადამიანი, რომელმაც „რევოლუციის პირველი ათწლეულის შემდეგ უდიდესი ძალისხმევა გაიღო არმიის შესანარჩუნებლად“ და მისი საბრძოლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

მან თავისი მიმართვა დაასრულა იმ ადამიანების ოჯახებისდმი სამძიმრით, რომლებიც დაიღუპნენ „ამერიკის შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის დიდი ერის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში“.

ალ ჯაზირა აღნიშნავს, რომ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც მამამისი, რომელიც თებერვალში ომის დასაწყისში მოკლეს, შეცვალა.