ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობიდან 7 კვირის შემდეგ სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა "გარდამავალი პერიოდის" პრეზიდენტად გამოაცხადეს. ინფორმაცია სირიულ მედიაში ვრცელდება.
დამასკოში გამართულ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შარაას ასევე მიენიჭა უფლებამოსილება, ჩამოაყალიბოს გარდამავალი პერიოდის დროებითი საკანონმდებლო საბჭო.
"ლიდერი აჰმედ ალ-შარაა გარდამავალ ფაზაში ქვეყნის პრეზიდენტი იქნება. ის სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს და წარმოადგენს მას საერთაშორისო ფორუმებში". - განაცხადა პოლკოვნიკმა ჰასან აბდელ ღანიმ, სამხედრო ოპერაციების სარდლობის სპიკერმა.
შარაა, რომლის ჯგუფიც, სამხედრო ოპერაციების სარდლობა, ერთ დროს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას მოკავშირე იყო, ხელმძღვანელობდა სამხედრო მოქმედებებს, რომელმაც სირიის სამოქალაქო ომიდან 13 წლის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში ასადის რეჟიმის დამხობა გამოიწვია.
შარაამ პირობა დადო, რომ იგი სირიის პოლიტიკურ გარდაქმნას დაიწყებს, მათ შორის ეროვნული კონფერენციისა და ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებისა და, საბოლოოდ, არჩევნების გზით, რომლის ჩატარებასაც, შარაას თქმით, შესაძლოა ოთხი წელი დასჭირდეს.
შარაამ ასევე განაცხადა, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო საბჭო მას ქვეყნის მართვაში დაეხმარება მანამ, სანამ სირიის ახალი კონსტიტუცია არ იქნება მიღებული.