რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრომ (Минцифры) განაცხადა,რომ 9 მაისს მოსკოვში "უსაფრთხო" აღლუმის უზრუნველსაყოფად მობილური ინტერნეტი და სატელეფონო შეტყობინებების მომსახურება (SMS) სრულად გაითიშება.

მოსკოვში და რუსეთის სხვა ტერიტორიებში ინტერნეტის წვდომაზე ხშირი წყვეტები თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა, ამჯერად შეზღუდვების ქვეშ მოექცევიან ე.წ. "თეთრ სიაში" მყოფი აპლიკაციები და ვებსაიტები, ისევე როგორც სატელეფონო შეტყობინებები.

აქამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ "არსებული ოპერატიული ვითარების გამო" ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს, რაც ყოველ წელს ტრადიციულად მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა.

რუსეთმა ღონისძიების ჩასატარებლად ცალმხრივად ზავი გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი "ჩაიშლება," რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს. 

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო ადრე,  6 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც რუსეთმა მაშინვე დაარღვია და უკრაინის წინააღმდეგ 3 რაკეტა და 108 დრონი გამოიყენა.