7 ოქტომბერს, რუსეთის მასიური დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 32 ადამიანი დაიღუპა, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის 13 რეგიონს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგი ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე რაკეტის მოხვედრა იყო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ხუთშაბათს, 8 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, იქ 22 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა, მათ შორის, ხუთი ბავშვია. კიდევ 54 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, შვიდი ბავშვი.
დაღუპულები არიან ასევე კიევში, ოლექსანდრიასა და კრემენჩუკში, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი მონაცემებით, სხვადასხვა ქალაქში, თავდასხმების შედეგად, ჯამში 100-მდე ადამიანი დაშავდა.
"დარტყმა კომბინირებული იყო: ბევრი ბალისტიკური რაკეტა, ბევრი ფრთოსანი რაკეტა, "შაჰედები". ასეთი "საჩუქარი" გაუკეთა პუტინმა საკუთარ თავს დაბადების დღეზე. ბავშვების მკვლელობა, ადამიანების მკვლელობა. დღისით ახალი დარტყმები განხორციელდა "შაჰედებითა" და საავიაციო ბომბებით", - დაწერა უკრაინის ლიდერმა Telegram-ში.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ "ლიდერები არ დუმდნენ" მომხდარზე და იმაზე, რომ რუსეთი, მისი თქმით, "აპირებს, მომავალშიც ამ მიმართულებით მოძრაობას: ესკალაციისკენ, მკვლელობებისა და დაბომბვებისკენ". "პუტინი ვერ გრძნობს, რომ ეს მას პრობლემებს უქმნის", - აღნიშნა მან და კვლავ მოუწოდა რუსეთის ფედერაციაზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერებისკენ.
ზელენსკის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "შესუსტებითა" და მოსკოვისთვის "ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის სიგნალების" გაგზავნით, მას მიეწოდება "უკრაინის წინააღმდეგ ომის ნორმალიზების სიგნალები": "პუტინს კვლავ შეუძლია ნავთობის გაყიდვა და როდესაც ის მოგებას დოლარებსა და ევროებში ითვლის, ომი კვლავაც ინარჩუნებს ფინანსურ სარგებელს - მისთვის ომის წარმოება ხელსაყრელია".
უკრაინის პრეზიდენტმა ამას არა მხოლოდ უკრაინისა და მისი ხალხის, არამედ "ყველას პრობლემა უწოდა ევროპასა და დასავლურ სამყაროში".




