ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Europe1 ავრცელებს.

2023 წელს პოლიციამ პარიზის ქუჩებში მომხდარი გაუპატიურების შემთხვევებიდან 97-ის შესახებ მიიღო შეტყობინება. პარიზის პოლიციის შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ამ საქმიდან გახსნილია 30. დაკავებული 36 პირიდან 28 ანუ 78% უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - წერს Europe1 და აღნიშნავს, რომ დაკავებულთაგან 20-ის შესახებ პოლიციას მანამდეც ჰქონდა ინფორმაცია, 20-იდან ოთხი კი სექსუალური ძალადობის სხვა ფაქტებთან კავშირით იყო ცნობილი.

საზოგადოებრივ ადგილებში გაუპატიურების შემთხვევებში ფიგურირებენ მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ნარკომანი, უმუშევარი და უსახლკაროა. გაუპატიურება, ძირითადად, ტურისტულ ადგილებში ხდება. პარიზის მეშვიდე ოლქში მდებარე მარსის ველის სახელით ცნობილი საზოგადოებრივი პარკი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია.

სიტუაცია საგანგაშოა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოლიმპიური თამაშების დღეებში პარიზს მილიონობით ადამიანი ესტუმრება, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, - დაასკვნის Europe1.

გაუპატიურებულ პირთა მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, რაგბის მსოფლიო თასზე საფრანგეთში ირლანდიიდან ჩასული გულშემატკივარი ქალი ბორდოში, ქალაქის ცენტრში გააუპატიურეს.