18 წლის უკრაინელის მიერ დაჭრილი პოლონელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.
ვროცლავში 30 წლის ქალი მრავაბინიანი საცხოვრებელი სახლის კიბის უჯრედში დანით დაჭრეს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა, პოლიციამ იგი მალევე დააკავა. დაკავებული 18 წლის უკრაინელია. დანაშაულის მოტივის შესახებ არაფერია ცნობილი.
პოლონური მედიის ცნობით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს, თუმცა, მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, პროკურატურა კი მომხდარის დეტალების შესახებ ორშაბათს ისაუბრებს.
ქალის მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ხმაური შემოესმათ, კარის საჭვრეტელიდან გაიხედეს და მოეჩვენათ, რომ მეზობელ ქალს ვიღაც ეჯაჯგურებოდა. კარი გაღების შემდეგ კი ნახეს, რომ ქალს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და რადგან ქალს გონი არ ჰქონდა დაკარგული, ჰკითხეს, იცნობდა თუ არა თავდამსხმელს.
მათი თქმით, ქალმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და თქვა, რომ უკრაინელმა ავტობუსში მას გზა ჰკითხა, ხოლო შემდეგ, როდესაც ქალი სახლთან ავტობუსიდან ჩამოვიდა, მგზავრობა არ გააგრძელა და ქალს აედევნა.
მომხდარი პოლიციის მიერ სიცოცხლის მოსპობის მიზნით დანაშაულადაა კვალიფიცირება. დანაშაული 30 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მოხდარს ვროცლავში უკრაინის საკონსულო გამოეხმაურა.
„პოლონეთის რესპუბლიკის კანონების პატივისცემა უკრაინის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობისა და აგრესიის ყველა გამოვლინებას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის დამნაშავე ან მსხვერპლი. უკრაინის ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს კანონს, ტრადიციებსა და სოციალურ ნორმებს, რომელმაც თავშესაფარი მისცა მილიონობით უკრაინელს და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვუსამძიმრებთ მსხვერპლს და ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.




