თბილისი თანამედროვე ცეკვის სამხრეთ კავკასიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ხვალ კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში შვეიცარიელი ქორეოგრაფების ნიკოლა კანტიონისა და ლოლა კერვროდანის მასტერკლასით გაიხსენება.

ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში დადგმების განსახორციელებლად, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს. 

ფესტივალის ფარგლებში 4 ივნისს რუსთაველის თეატრის დიდი სცენაზე ლორან იადისა და ნიკოლა კანტიონის დასის შესრულებით, (ჟენევა, შვეიცარია);მაყურებელი  "ნილოსს” იხილავს. 5 ივნისს კი თეატრის ექპერიმენტული სცენა სამხრეთ-კავკასიელი ქორეოგრაფების წარმოდგენებს უმასპინძლებს. ღონისძება 6 ივნისს ისევ რუსთაველის თეატრში მოსკოვის მოდერნ ბალეტის, ბელორუსული ჯგუფის „SKVO“ და ქართველი ქორეოგრაფების წარმოდგენებით გაგრძლედება. 7ივნისს ფესტივალი ევროპის სახლში გადაინაცვლებს და პოლონელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ავრორა ლუბოსის პერფორმანსს იხილავთ. ღონისძიებებს თანამედროვე ქორეოგრაფიაში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის გამართული მასტერკლასი დაასრულებს, პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO).

ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება. ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია  “პლატფორმა ცვლილებებისთვის”, რომლის მიზანიცაა დიალოგისა და ინტერაქციის გაღრმავება, კულტურის როლის, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შვეიცარიის თაანმშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, შვეიცარიის კულტურის ფონდი პრო ჰელვეცია, აღმოსავლეთ ევროპის საშემსრულებლო ხელოვნების პლატფორმა, ქალაქ ლუბლინის მერია.  პროექტის პარტნიორები არიან ევროპის სახლი, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, რუსთაველის თეატრი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი.