რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქართველი რეჟისორის გადაღებული ფილმი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.
ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორ ოჯახზე შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
„სხვისი სახლი“ რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამშევარია, ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ კარლოვი-ვარში შედგა. ფილმი “სხვისი სახლი” ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უკვე წარდგენილია.
კინოფესტივალი ჩეხეთში 1-9 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან ტარდება.