ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ პანევროპული რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილიმა “გარემო ევროპისათვის” მერვე მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც ბათუმში ტარდება.

“UNECE-ის პროცესი – „გარემო ევროპისთვის” და მინისტრთა კონფერენციები ხელს უწყობს თანამშრომლობას რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის და უზრუნველყოფს უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმას ყველა ქვეყნისათვის, რომ გამოავლინონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები, განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები და დასახონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა საკუთარ ქვეყნებსა და მთელ პანევროპულ რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკოლოგიური გამოწვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, ის ეხება მთელ რეგიონს და ზოგჯერ მის ფარგლებსაც სცდება. ამიტომაც საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე.

დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას.

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით – შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს; ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე აქტივობებს, განახლებადი ენერგიის ზრდას, მხარს უჭერს მწვანე ტრანსპორტსა და მწვანე შენობებს და ზრუნავს ეკოტურიზმის განვითარებაზე.

საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად მოიხმარს ჰიდრორესურსებს. ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული, ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. საქართველო ასევე მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნის განხორციელებაში – სათბურის გაზების გამოყოფისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისათვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო”,- განაცხადა პრემიერმა.

The post პრემიერი: საქართველოს აქვს პოტენციალი გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროები appeared first on iMtavroba.