ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. იგი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეწვივნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლები, დირექტორი -ენერგეტიკის მიმართულებით ირაკლი მენაბდის ხელმძღვანელობით. ფონდის წარმომადგენლებმა გამგებელთან და გამგეობის სამსახურის უფროსებთან ერთად ჩაატარეს ინფორმაციული სახის თათბირი. ისაუბრეს პროექტის მოსალოდნელ შედეგებსა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღკვეთის, შემცირების და დადებითი ზემოქმედების გაძლიერების გზების განსაზღვრაზე; შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებით მიღებული სარგებლით დაბალანსებაზე.

წინასწარი კვლევის მიხედვით, კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯი ჰესი“, „მუხრა ჰესი“, „ლენტეხი ჰესი“ და „ცაგერი ჰესი“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $723 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. მისი საერთო დადგმული სიმძლავრე 347.1 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 1,743.7 მლნ კვტ.სთ.

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს თანაინვესტირებს ფონდი, რომელთანაც 2015 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკულება „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.

ამავე დღეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ენერგეტიკის სფეროში წამყვან ისლანდიურ კომპანიებთან Verkís და Landsvirkjun Power ხელი მოაწერა საკონსულტაციო ხელშეკრულებას, რომელიც ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და ზოგადი დიზაინის მომზადებას ითვალისწინებს.

წინასწარი გათვლებით, „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”