ბიბლიოთეკა, წიგნები, ახალგაზრდობა, განათლება, გურული ტრადიციები, საყვარელი პერსონაჟები და სამშობლო - გიორგი კეკელიძის მოსაზრებებს ამ საკითხებზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ...

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე "აიპრესთან" ინტერვიუში ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი და სამომავლო პროექტების შესახებაც საუბრობს. როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და ბიბლიოთეკის შენობების გარემონტების მიზნით, უკვე მილიონ ლარზე მეტი მიიზიდეს.

"ჩვენ დღეს შვიდი კორპუსი გაგვაჩნია. 2 დაემატა ჩემი დირექტორობის დროს, ერთი ავლაბრის ყოფილი არალეგალური სტამბა და  ქუთაისის შენობა, სადაც დეპოზიტარიუმის შექმნას ვაპირებთ. მთავარი გამოწვევა შენობების რემონტი და რესტავრაციაა, რა მიმართულებითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან და უკვე მილიონ ლარზე მეტი მოვიზიდეთ იმისათვის, რომ ეს შენობები გარემონტებულიყო. ძალიან ბევრი ბიზნეს კომპანია იყო ამ პროცესში ჩართული. ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის ძალიან დიდი ნაწილი უკვე გარემონტებულია და ვგეგმავთ ლეგენდარული პირველი კორპუსის გახსნას".

გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა დღეს ახალგაზრდების წიგნით დაინტერესებაა:

"წიგნი სამწუხაროდ აღარაა პირველი მოთამაშე და ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება ამ სივრცის უფრო გამრავალფეროვნება, რათა ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაინტერესდნენ წიგნით. ჩვენ გავაფართოვეთ მოძრაობა და 200-ზე მეტ სოფელში აღვადგინეთ ბიბლიოთეკა, რაც მანამდე ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციად არ მოიაზრებოდა. ასევე, 25-26 ქვეყანაში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე.

ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასებები რეგიონებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა მიიღეს, ფაქტობრივად, ყოველ წელს ასე ხდება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

იქ არის ბევრად ნაკლები „საცდური“ და მეტად არიან კონცენტრირებულები სწავლაზე, ბუნებრივი ამბავია. თუმცა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქში არ არიან ჭკვიანი ბავშვები, აქაც, ქალაქში უამრავი კარგი და ჭკვიანი სტუდენტი მყავს. მასშტაბებმა გვაჩვენა საბოლოო ჯამში ასეთი შედეგი, ისინი მეტ დროს უთმობენ სწავლას.

შეგიძლიათ, რამდენიმე სიტყვით აუხსნათ ახალგაზრდებს, რომლებმაც არ იციან წიგნის სუნი, წიგნის გემო, რას კარგავენ?

ისინი კარგავენ ძალიან ბევრს. თუ მხატვრულ ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, მხატვრული ლიტერატურა არის უნიკალური შანსი, რომ შენ ძალიან ცოტა დროში მოახერხო და იცხოვრო ბევრი ადამიანის ცხოვრებით, გაითვალსიწინო მათი შეცდომები და შემდეგ გამოიყენო ცხოვრებაში პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება თემატურ ლიტერატურას, ამის გარეშე ისინი პროფესიონალურად ვერ ჩამოყალიბდებიან ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს ინჟინერია, თუ მედიცინა. წიგნი, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რითიც შეგიძლია გახდე პროფესიონალი და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი.

როდის გაიხსნება ლეგენდარული პირველი კორპუსის დარბაზი?

არ გადააჭარბებს 1 წელს.  6 თვეში კი ვაპირებთ კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის გახსნას. ეს პროექტი კერძო ბიზნესის დაფინანსებითაა, თუმცა, სანამ პრეზენტაცია არ იქნება, ბუნებრივია, დეტალებს ვერ გავახმაურებთ.

 განათლებაზე რას ფიქრობთ, ამბობენ, რომ განათლების დონე საქართველოში ძალიან დაბალია.

ეს არის კომპლექსური პრობლემა და არა  მხოლოდ წინა 5-10 წლის, ეს ინერცია მოდის საბჭოთა დროიდან და ბუნებრივია,  გვაქვს სერიოზული პრობლემები სკოლაში. ჩვენ გვყავს ცალკეული კარგი მასწავლებლები, თუმცა ეს ვერ შეცვლის ამხელა პრობლემას. თუ სკოლამ არ მისცა უნივერსიტეტებს შესაბამისი კადრი, მერე უნივერსიტეტს თავიდან მოუწევს ამ კადრის ჩამოყალიბება, რაც პროფესიონალიზმს უშლის ხელს.

როგორ ფიქრობთ, საერთო ჯამში, ქართველი პარლამენტარები განათლებულები არიან და მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვთ?

განათლების დაბალი დონე პარლამენტსაც ეხება და არა მხოლოდ პარლამენტს, მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ არ გავქვს მაღალი პოლიტიკური კულტურა.

ეს, სხვათაშორის, განათლებასაც ეხება, რადგან პოლიტიკოსი გარკვეულწილად სხვადასხვა ტექნოლოგიების ერთობის და უნარების მქონე ადამიანია, რომელმაც მრავალმხრივი განათლება უნდა მიიღოს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედება შეაფასა, როგორც ქურდული ტრადიციისა და სტალინიზმის მიმდევარი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და რა პასუხს გასცემდით მას?

მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი არ უნდა ერთვებოდეს მსგავს საკითხებში, რადგან ჩვენი მკითხველი არის ყველანაირი და ვითვალისწინებთ ყველანაირი მკითხველის აზრს. მე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე გაზრდილი ვარ, არამხოლოდ კონკრეტულ პროზაულ ტექსტებზე, არამედ საბავშვო ლექსებზეც და ჩემთვის მნიშვნელოვანი ავტორია. მე თუ ჩავთვლიდი საჭიროდ, ნამდვილად არ მოვერიდებოდი პასუხის გაცემას. უბრალოდ, იმდენი დიდი და უსაგნო დისკუსიები იმართება ხოლმე ფეისბუქზე, რამდენჯერმე ვცადე კიდეც ჩართვა, თუმცა მივხვდი, რომ ეს უდიდეს დროს წაიღებდა.

როგორ ფიქრობთ, თუ არ მაქვს წაკითხული “გრეის 50 ელფერი” და არ ვსაუბრობ კოელიოს ციტატებით, სნობი ვარ?

არა, მასე არ ვფიქრობ და არც მე მაქვს წაკითხული „გრეის 50 ელფერი“.  ეს ყოველთვის ახასიათებდა ლიტერატურას და საზოგადოების ფენებს. ბუნებრივია, რადგან ადამიანს აქვს არჩევანი იკითხოს, რაც უნდა და მოეწონოს ის, რაც უნდა, და თუ თქვენ არ გაქვთ წაკითხული გრეის 50 ელფერი, ვერანაირ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებით ჩემთვის, როგორც დღეს მოდაშია თქმა,  გოიმად, რადგან ეს თქვენი არჩევანია და შეიძლება ძალიან სწორი არჩევანიც კი.

გურია არის თქვენი დიდი სიყვარული და გაქვთ ბევრი ისტორია გურულ ადათ წესებსა და ტრადიციებზე. რამე ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ?

სადოქტოროს ვწერ ამასთან დაკავშირებით - დაკრძალვისა და ქორწინების რიტუალები გურიაში. მთავარი ამბავი არის ის, რომ გურულები ახერხებენ ყველაფერს შეხედონ იუმორით, ეს არის თვითგადარჩენის რეფლექსი,  რომელიც ალბათ ყველა დროში დაეხმარა ამ ხალხს. დღესაც კი, გურია ყველაზე გაჭირვებული მხარეa და მიუხედავად ამისა, იუმორი არის მათი  ყოველდღიური ცხოვრების ინსტრუმენტი, ესაა საყოფაცხოვრებო იუმორი, რომელიც აადვილებს ცხოვრებასაც და სიკვდილსაც.

შემორჩენილია ძალიან საინტერესო ჩანაწერები, რაც სხვა მკვლევარებსაც აქვთ დაფიქსირებული, მაგალითად ვექილებთან დაკავშირებით. თუ ვინმე ავად იყო, ან ეზარებოდა სატირალში წასვლა, იგი ქირაობდა  ადამიანს, რომელიც მის ნაცვლად მიდოდა და ტიროდა. ჯერ გაეცნობდა ჩვეულებრივად იმ ადამიანებს, რომ ის იყო ამა და ამ კაცის წარმომადგენელი და მერე, ჩვეულებრივ იწყებდა სამსახიობო ტირილს მთელი დადგმებით. ეს ყველაფერი,   გურულების კარნავალურ ბუნებაზე მეტყველებს.

ჩემისთანა ადამიანს, რომელსაც არ აქვს  დრო, რომ ბევრი იკითხოს, რის წაკითხვას ურჩევდით, ქართველ მწერლებს და მათ ნაწარმოებს ვგულისხმობ.

ვურჩევდი აკა მორჩილაძის წაკითხვას. ვფიქრობ, რომ აკა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წერო ლოკალურ ამბებზე მსოფლიო განზოგადებით.

ჩაუთრევიხართ ოდესმე  წიგნებს ისე, რომ მათი პერსონაჟების ცხოვრებით გაგიგრძელებიათ ცხოვრება?  

კი, მერე გაგრძელებებიც კი დამიწერია, მართალია უნიჭოდ, მაგრამ მცდელობები მქონდა. წიგნებმა იცის მოწამვლა სხვათაშორის, ვგულისხმობ იმას, რომ არაა აუცილებელი ყველა ადამიანი კითხულობდეს წიგნს, რადგან დაძალებით ამ საქმის კეთება არ ვარგა. თუმცა, მცდელობა აუცილებელია.

რომელია  წიგნი, რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა?

ეს არის მარკ ტვენის ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი, რომელმაც პატარაობაში დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ეს არის წიგნი თავისუფლებაზე, მოგზაურობაზე და გზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემებია ჩემთვის. მას მე მაშინ მიკითხავდნენ, სანამ კითხვა მეცოდინებოდა. ლიტერატურული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია.

ბიბლიოთეკის მენეჯმენტში ჩართვა და ბიბლიოთეკის დირექტორობა სერიოზული საქმეა და წერისთვის გრჩებათ დრო?

მრჩება, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა. ბიბლიოთეკის დირექტორობა კი გულისხმობს ბევრ ადამიანთან შეხვედრას, რაც ძალიან დიდი გამოცდილება და თან შთაგონების წყაროცაა.

 შეგიძლიათ მითხრათ, ქართველი პოლიტიკოსებიდან ვინ ინტერესდება ბიბლიოთეკის ამბებით?

მე უშუალო შეხება მაქვს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან, მას ეხება ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული მოვლენები, თუნდაც ბიუჯეტთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ. სხვა პარლამენტარებთან მე კავშირი არ მაქვს და არც ვცდილობ, რადგან პოლიტიკის ველი ჩემთვის არის სრულიად უინტერესო და მეტნაკლებად გაუგებარიც, რადგან მე შეგნებულად არ ვმონაწილეობ ამ პროცესებში. თუკი ოდესმე გადავწყვეტ ამ ველში შესვლას, ეს ახლო მომავალი ნამდვილად არ იქნება. ყოველდღიური ცხოვრება კი ისედაც მოითხოვს ყოველდღიურ პოლიტიკას, მაგრამ ამ ეტაპზე, ის საქმეები, რომლებიც მე მაქვს, იმთავითვე დისტანცირებას გულისხმობს პოლიტიკისგან, რადგან ბიბლიოთეკა არის საჯარო სივრცე, სადაც ნებისმიერი შეხედულების და პოლიტიკური განწყობის ადამიანი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.

გიფიქრიათ ქვეყნიდან წასვლაზე?

მიფიქრია და ვერ ვაკრიტიკებ იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან, მაგრამ მეორე მხრივ, ის ქვეყნები, სადაც ეს ადამიანები მიდიან, აშენებულია იქაური ადამიანების მიერ, რომლებიც დარჩნენ სამშობლოში. მე მირჩევნია, დავრჩე საქართველოში და აქ ავაშენო, რასაც შევძლებ. სხვისთვის კიდევ უფრო ადვილად გასაკეთებელი დავტოვო, რაც საბოლოოდ შექმნის ისეთ ქვეყანას, რომ წასვლა აღარ მოგინდეს.