ალბათ, მხოლოდ სალომე გომელაურს შეეძლო ზურა გომელაურის "მატარებელი" ექცია ზუსტად ისეთივე საოცარ სამკაულად, როგორიც თავად ზურას ნახატია...
ორიგინალური სტილი, საოცარი სინთეზით შერჩეული ფერები და ტექნიკა, რომელიც უკვე საქპატენტშია დაცული - ასეთია სალომე გომელაურის არტ-ისტორია, რომელზეც დეტალურად ჩვენს რუბრიკაში „ამბები ადამიანებზე“ მოგიყვებით...
როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაიწყო ბავშვობიდან...
სალომე გომელაური: დიზაინით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული. ალბათ, მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რომ მაღალი მოდის მიმართულება მაინტერესებდა და არა ყოველდღიური ჩაცმულობა. დედას რეცეპტების ჟურნალებში მუდმივად ვხატავდი გოგონებს ტანსაცმლით, აქედან წამოვიდა დაინტერესებაც და სიყვარულიც. იმ დროს არ იყო მოდის კვირეულების ტელევიზიით გადმოცემა ან გადაცემები მოდაზე. უფრო იყო ჟურნალები, რომლებიც საქართველოსი შემოდიოდა. ამ ჟურნალებით აპლიკაციებს ვაკეთებდი, ვჭრიდი ჩემებურად და ფურცელზე განვალაგებდი ხოლმე, რომ უკეთესად დამეხვეწა /ჩემი დიზაინი ან ჩანაფიქრი. ამით შემოვიფარგლებოდი იქამდე, სანამ გადავწყვეტდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას და ავირჩევდი დიზაინისა და მოდის ფაკულტეტს.
იცით, ეს არც შემთხვევითი იყო და არც მოულოდნელი, რადგან ფერმწერ ზურაბ გომელაურის ოჯახში ვიზრდებოდი, სულ მქონდა ფერად ტილოებთან შეხება.
და, როგორც ვიცი, გარდა იმისა რომ გქონდათ შეხება მამის ფერად ტილოებთან, ასევე ძალიან ახლო ურთიერთობები გქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც, იმ დროისთვის, საქართველოში მოდური ტენდენციების შემომტანებად ითვლებოდნენ, მაგალითად, სუხიშვილები...
დიახ, ნამდვილად, წილად მხვდა ბედნიერება, გავზრდილიყავი ამ ადამიანების გარემოში და ურთიერთობა მქონოდა ჩვენი საზოგადოებისთვის უსაყვარლეს ხელოვანებთან. გარდა სუხიშვილებისა, რომლებიც დახვეწილი ჩაცმულობის ეტალონები იყვნენ, ასევე რეჟისორები რუსთაველის, თუმანიშვილის და სხვა თეატრებიდან, რომლებიც ინსპირაცია იყვნენ ჩემთვის თავიანთი ისტორიებით, ჩაცმულობით, ქცევებით.
თვალწინ მიდგას ახლაც, ყავის მირთმევის დროს ისე ყვებოდნენ ამ ყველაფერს და ისე გადმოსცემდნენ თავიანთ პროფესიაში მიღწეულ სხვადასხვა წარმატებას, თითქოს გზას გიკვალავდნენ ცხოვრებაში. მერე ეს გადმოდიოდა ფურცელზე ჩემთან, მაშინ როდესაც მე ვიყავი პატარა. ამ გარემოში გაზრდამ, ცხადია, ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მაშინ არ იყო იმის საშუალება, რომ ინტერნეტით მოგეძია ყველაფერი. როდესაც სუხიშვილები მიდიოდნენ გასტროლებზე, ისინი ყვებოდნენ ამბებს მოდის ახალ ტენდენციებზე და ამკვიდრებდნენ კიდეც ამ ტენდენციებს.
შეუძლებელია ნინო რამიშვილს, ნანი ბრეგვაძეს და მსგავს კორიფეებს უყურებდე და არ ჩამოგიყალიბდეს გემოვნება... თავად ეს ადამიანები და მათი ყურება იყო ჩემთვის ინსპირაცია, ამიტომ მიბიძგა ამ ყველაფერმა ჩამებარებია მოდის დიზაინზე და არა სხვა ფაკულტეტზე.
რამდენად საინტერესო და აქტიური იყო სტუდენტობის წლები? იმ დროისთვის მოდის ფაკულტეტი ახალი შემოსული იყო ჩვენთან და შეიძლება ითქვას, არც ისე პოპულარული...
აქტიური იყო ძალიან, მიმდინარე კურსს მივყვებოდი, ვაკეთებდი კოლექციებს. მომეცა საშუალება, შევსულიყავი ფერწერის ფაკულტეტზე, უფრო მაღალკურსელებთან და იქ გამევლო პრაქტიკა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კუთხით.
ტანსაცმელი არ არის მხოლოდ ის რასაც ჩვენ მოვიხმართ, ის არის არქიტექტურაც, ფერწერაც და შესაძლოა ქანდაკებაც იყოს, რადგან ადამიანის სხეულს ხდის უკეთესს და არა უარესს, უნდა გქონდეს უკეთესი.
რამდენად დიდი დატვირთვა აქვს აქსესუარს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და ვგულისხმობ ნებისმიერი სახის აქსესუარს. თქვენს კოლექციებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მას...
აქსესუარებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა. ერთმა პატარა დეტალმა მთლიანად შეიძლება შეცვალოს ადამიანის ვიზუალობაც და მკაფიოდ წარმოაჩინოს მისი სტილი.
როდესაც პირველად გავაკეთე ჩვენება, ეს იყო სამოსი სამკაულებით შემკობილი.თავიდანვე სამოსთან მუშაობა დავიწყე სამკაულებთან ერთად. ძალიან დამაინტერესა ძვირფას მეტალებთან ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან ურთიერთობამ. მინდოდა გამოსულიყო ფერადი, ფერადი კი შეიძლება გამოსულიყო მხოლოდ მინანქრის უძველესი ტექნოლოგიით, რომელიც მე-6 საუკუნიდანაა საქართველოში.
დამაინტერესა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ტექნოლოგიის გათანამედროვეობა, მინდოდა ახალი სიცოცხლე შემეძინა მათთვის და თანამედროვე სტილის სამკაულებში დაეკავებინა ღირსეული ადგილი.
ფაქტია, რომ ძალიან კარგად გამოგივიდათ, რასაც ძალიან დიდი აღიარება მოყვა საზოგადოების მხრიდან. რამდენად შრომატევადია ამ მეტალებზე და განსაკუთრებით მინანქარზე მუშაობა. მითუმეტეს, თქვენს მიერ შექმნილი ყველა სამკაული ექსკლუზიურია და მისი დიზაინი არ მეორდება..ძალიან შრომატევადი პროცესია. მუშაობის პროცესში გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები. შეუძლებელია, ეს მხოლოდ ერთმა ადამიანმა შექმნას. თითოეული სამუშაო განაწილებულია. ერთი ადამიანი ამუშავებს მეტალს, მეორე - ქვებს და ასე შემდეგ. არც იქნებოდა ალბათ ასეთი ორიგინალური ერთ ადამიანს რომ გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ყველა საქმეს პროფესიონალი სჭირდება, რომელმაც ზუსტად იცის, სად რა დეტალია საჭირო.
გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებსაც თავიანთი სახელოსნო აქვთ, იქ მუშავდება ეს ყველაფერი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის ქვები, აქ ისმება ოქროში, მინანქრის ტექნოლოგიაზე მე ვმუშაობ და ბოლოს ხდება ხორცშესხმა ამ ყველაფრის.
ამბობენ, რომ აქსესუარები ბევრს მეტყველებენ თვითონ ადამიანზე. შეიძლება ადამიანის ტიპაჟის ამოცნობა სამკაულის მიხედვით?
რა თქმა უნდა. არა მხოლოდ ტიპაჟის, მისი პროფესიის, მისი ხასიათის, ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება.
მაგალითად, საქმიან ქალბატონებს, რომლებიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობენ, ახასიათებთ ძალიან პატარა ზომის სამკაულები. მიაჩნიათ, რომ ყურადღებას უნდა იქცევდეს არა სამკაული, არამედ თვითონ. მომღერლები, მსახიობები და შოუბიზნესის წარმომადგენლები კი პირიქით, დიდ სამკაულებს ატარებენ, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ ინდივიდუალიზმსა და გემოვნებას.
შენ თუ გყავს შენი ფავორიტი ცნობილი ადამიანი, რომლის სამკაულები და მორთულობები ძალიან მოგწონს და მიგაჩნია, რომ გამორჩეული სტილი აქვთ?
ბევრია ასეთი, მაგრამ ნანო სუხიშვილის მომწონს განსაკუთრებით. ბებიის სამკაულები უკეთია ხოლმე ხშირად და ძალიან ვარ აღფრთოვანებული ამ ფაქტით. ვაფასებ მემკვიდრეობას რომ ანიჭებს უპირატესობას.
ეს ადამიანები თავიანთ სფეროში ქმნიან ისტორიას. შეუძლებელია ქეთი დოლიძის გამორჩეული სამკაულები და სამოსი, რომელიც ყოველთვის ფერადია, არ მოგწონდეს. შეუძლებელია ამისგან ინსპირაცია არ აიღო.
თქვენი სამკაულები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამომდინარე სეგმენტიდან, ფასებიდან, ძირითადად იყიდება საზღვარგარეთ. თუმცა, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რომ ხელმისაწვდომი გახდეს მათთვისაც. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
რა თქმა უნდა აუცილებლად გასათვალისწინებელია მომხმარებლის მოთხოვნა, ამიტომ ვაპირებ სამკაულების დამზადებას ნახევრად ძვირფასი ქვებისგან, რათა ნაკლებად ძვირადღირებული იყოს, ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, მცირე ზომის მაგრამ დიდი იდეებით დატვირთული და მორგებული თანამედროვეობაზე.
ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია და მათ შორის თქვენს სფეროშიც. არაერთი ქართული ბრენდის სამკაული გამოჩნდა, რომლებიც ასევე პოპულარობით სარგებლობენ. როგორ მოხვდა თქვენი სამკაულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
საქართველოში ხშირად ჩამოდიან ადამიანები რომლებსაც ხელოვნების სფეროში საკმაოდ დიდი გავლენები აქვთ და დადიან მაღალი რანგის ჰოლივუდურ წვეულებებზე. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას, მათ მოითხოვეს ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი განსხვავებული აქსესუარები.
იმ პერიოდში, ჩემი კოლექციების ჩვენება ხშირად ხდებოდა ტელევიზიების მეშვეობით, საზოგადოებამ იცოდა რომ მე ვქმნიდი ცოტას და განსხვავებულს. ამიტომ, ეს ადამიანები რომ ჩამოდიოდნენ, მოჰყავდათ ყოველთვის ჩემთან და იძენდნენ სამკაულებსაც და სამოსსაც.
ფეხსაცმლის დიზაინის კუთხითაც მქონდა ასეთი გამოწვევა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რის გამოც წამოვიწყე კოლექციის გაკეთება. მინდოდა შემექნა ფეხსაცმლის დიზაინი, რომელიც იქნებოდა ერთადერთი და უნიკალური. მომივიდა ასეთი იდეა, კონცეფცია იყო “ფეხსაცმელი უჯრით” და ამ უჯრაში რაიმე მოთავსებულიყო. ძალიან რთული შესასრულებელი იყო. ადამიანები რომლებიც ხეზე მუშაობდნენ და უნდა ჩართულიყვნენ ამაში, ამბობდნენ, არ გამოგვივა ალბათო, მაგრამ ვცადეთ და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. საავტორო უფლებებიც მაქვს ამ დიზაინთან დაკავშირებით.
ძალიან რთული გზა უნდა გაიარო, რომ მიიღო საავტორო უფლება. ამან მოგცა თუ არა მეტი თავდაჯერება?
ძალიან დიდი სტიმული იყო. როდესაც მივიღე საავტორო უფლება, ვიგრძენი რომ რაღაც მნიშვნელოვანი შევქმნები და კი, ეს არის მოტივაცია, რომ მე შემიძლია რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო, გამოგონების მხრივ იქნება ეს თუ ახალი კოლექცია.
საერთოდ, სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი რამაა და ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს მივცეთ. ისევ ბავშვობას დავუბრუნდები და ერთ ისტორიას გავიხსენებ. პირველად, ნახატი 5 წლისამ გავყიდე.
ჩვენ ძალიან ხშირად გვსტუმრობდნენ უცხოელი სტუმრები. 90-იან წლებში დავიბადე და მაშინ მხატვრობა მათთვის ძალიან ფასეული იყო. ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ბიზნესმენი, ამერიკული კომპანიის მფლობელი გვსტუმრობდა ოჯახში. დაინტერესებული იყო ზურას ნახატებით. როცა დაათვალიერა, შეიძინა დიდი რაოდენობა. კედელზე დაინახა ნახატი და თქვა რომ ამის ყიდვაც უნდოდა. ჩემი შვილის ნახატიაო, - უთხრა ზურამ. მინდაო, განაცხადა. ზურამ მკითხა გავყიდდი თუ არა. მეც დავთანხმდი.
ე.ი პირველი მყიდველი სერიოზული ბიზნესმენი იყო…
კი, როცა 5 წლის ვიყავი… ეს ისტორია ინსპირაცია გახდა ჩემთვის.
გაძლევთ თუ არა ზურა რჩევებს და რამდენად ითვალისწინებთ მას?
ზურა ბავშვობიდან მაძლევდა თავისუფალ არჩევანს და თავისუფლებას. ბავშვობიდან ყველას აქვს მშობლის მიბაძვის სურვილი და მეც მქონდა. ერთ მშვენიერ დღესაც, გადავწყვიტე, ზურასთვის მიმებაძა და მისი ცნობილი სპილო მეც დამეხატა. 5 წლის ვიქნებოდი, მეტის არა. რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილო გამოვიდა.
როდესაც შევარჩიე პროფესია და დარწმუნდა, რომ აქ მე თავს ვგრძნობდი თავისუფლად, მაშინ უკვე მაძლევდა ერთადერთ რჩევას - ვყოფილიყავი შრომისმოყვარე. ფერებთან დაკავშირებით ზურას არ უყვარს ჩარევა და არასდროს ერეოდა. თუმცა, მე თვითონ ყოველთვის ვაკვირდებოდი როგორ ქმნიდა ფერებს, ტექნოლოგიურად როგორ ამუშავებდა და მერე ვცდილობდი, მე გამომეყენებია ეს ყველაფერი.
სალომე, ძალიან ბევრი ქალი ვიცი, რომლებსაც ძალიან უნდათ ატარონ ლამაზი სამკაულები, მაგრამ ამის საშუალება არ აქვთ... სამწუხაროდ, ადამიანებს ძალიან ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, აიხდინონ სურვილები. შეიძლება რამე რჩევების მიცემა, თავად როგორ დაამზადონ ან როგორ მისცენ ძველ სამკაულებს ახალი სიცოცხლე?
ხშირად მიფიქრია ამაზე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც აბსოლუტურად სხვა სფეროში ძალიან წარმატებულები არიან. მე პირადად, დიდი სურვილილი მაქვს, იმ ქალბატონებს რომლებსაც უნდათ თავად შექმნან სამკაულები, გავუწიო კონსულტაცია და მასტერკლასები და შევასწავლო ტექნიკა. შემდეგში, შესაძლოა, ეს საქმე პროფესიად აქციონ და იყვნენ წარმატებულები
თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი სიახლეა. კირა გყავთ. ხომ არ გახდება ეს შენთვის ინსპირაციის წყარო, რომ დაიწყო პატარა ბავშვებისთვის ნამუშევრების შექმნა. ბავშვებს ხო ძალიან უყვართ ბრჭყვიალა და ლამაზი სამკაულები.
კირას დაბადებამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება... ყველაფერს სხვა თვალით შემახედა. ამ თემაზეც ხშირად მიფიქრია, რომ შევქმნა სამკაულის და სამოსის ბავშვის ხაზი. ბავშვობაში მახსოვს ძალიან მომწონდა ზურა რასაც ქმნიდა და ალბათ კირასაც ძალიან მოეწონება, რომ მე ამ საქმით ვარ დაკავებული.
სალომე, ვიცი რომ დაიწყეთ მზადება ახალი კოლექციისთვის, ახალი გამოფენისთვის და მინდა დავაკონკრეტოთ, აქ მაღალფასიანი სეგმენტის გარდა, იქნება შედარებით დაბალფასიანი სამკაულებიც?
ახალი კოლექციის ინსპირაცია და გამოწვევა არის სწორედ ის, რომ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამაზე ვმუშაობთ ზუსტად.
თქვენ თქვით, რომ ოჯახში ბავშვობიდანვე თავისუფლება გქონდა. როგორ ფიქრობ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება პიროვნების ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებაში?
თავისუფლება არის მთავარი. ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ შვილებს მისი ფასიც და ზღვარიც ამ თავისუფლებაში. თუ ოქროს შუალედს დაიჭერს, მიიღებს თავისუფლებას ცხოვრებისგანაც.
შენი და ზურას გარდა, ოჯახში გყავთ კიდევ ერთი უნიჭიერესი ხელოვანი. თქვენი დედა, თიკო, რომელიც მოქანდაკეა და მის სფეროში საკმაოდ წარმატებული...
დიახ, მოქანდაკეა. ქანდაკების განხრით აქვს განათლება მიღებული და სხვადასხვა სიმპოზიუმებში იღებდა მონაწილეობას.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო დედის როლი თქვენი, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბებაში?
როლი იყო უდიდესი.რომ არა ეს ხელშეწყობა, არ ვიცი რა იქნებოდა, არა მხოლოდ ჩემს შემთხვევაში, ზურას შემთხვევაშიც. ამ თანადგომამ და ურთიერთგაგებამ შექმნა ის, რაც დღეს ჩვენ ვართ, წარმატებული ბრენდი.
იცით, ხელოვნებაში ყველაზე ფასეული თანადგომაა, რომ არა თიკო, მე და ზურა ვერასდროს ვიქნებოდით ასეთები
ანუ ის გამოთქმა, რომ ყველა ძლიერი მამაკაცის უკან, ძლიერი ქალია, ამ შემთხვევაშიც ამართლებს.
რა თქმა უნდა.
რა სტილის სამკაულებია წელს ტრედული, რომელი ფერების მიმართ უნდა ვიქონიოთ მეტი ინტერესი?
მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა ის, რომ ჩვენს გარდერობში ძალიან ბევრი ყოველდღიური ტანსაცმელია. ეს ყოველდღიური ტანსაცმელი რომ არ შევინახოთ ისევ კარადაში და გამოვიყენოთ, საკმარისია მას დავუმატოთ რაიმე აქსესუარი.
მაგალითად, დიდი ზომის სამკაულები ყოველდღიურ სამოსს ძალიან უხდება, იქნება ეს დიდი ზომის ქურთუკები თუ ჯინსები, უხდება მეტალისფერები, ვერცხლისფერები და ოქროსფერები. ადრე ხომ იყო მარგალიტისფერები, ეს პასტელური ფერები იყო მოდური, ახალი პირიქით, ბრჭვიალა და სხვადასხვა თვლებით გაფორმებული სამკაულებია მოდაში, რომლებიც სხვადასხვა განათებაზე სხვადასხვა ეფექტს იძლევა.