თბილისსა და მის შემოგარენში წიწვოვანი ხეები, დიდი ხანია, ხმება. გარემოს და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში, ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად მუშაობენ. თუმცა სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ იღებენ, ვინაიდან დედაქალაქში არსებული ტყეებზე ზრუნვა თბილისის მერიის პრეროგატივაა. მსგავსი პრობლემები არსებობს საქართველოს სხვა რეგიონის ტყეებშიც. რითაა გამოწვეული ხეების ხმობა და რა ბერკეტები გააჩნია ამ პრობლემასთან საბრძოლველად გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ამის შესახებ "აიპრესს" ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ესაუბრება.
- თბილისის შემოგარენში წიწვოვანი ხეების ხმობა რა მიზეზით არის გამოწვეული?
უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში ქალაქ თბილისსა და მის შემოგარენში თვალშისაცემი გახდა წიწვოვნების მასიური ხმობა. განსაკუთრებით მთაწმინდის, კუს ტბის, ლისის ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის, ოქროყანის ტერიტორიებზე. ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავები წარმოდგენილია ძირითადად შავი ფიჭვის და ელდარის ფიჭვის სახეობებით, ეს ტერიტორიები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამწვანდა, ინტენსიურად კი ტყეების გაშენება 60–იანი წლებიდან დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბერი მეცნიერი თუ სპეციალისტი საუბრობდა ფიჭვების ხმობის მიზეზებზე: მცდარად შერჩეული სახეობა, დარგვის არასწორი აგროტექნიკა, მავნებელ-დაავადებების გავლენა, კლიმატის ცვლილების ფაქტორი და ა.შ.
მეტყევეებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ფიჭვი წარმოადგენს ერთ-ერთ სახეობას, რომელსაც აქვს უნარი იხაროს მწირ, კლდოვან ნიადაგზე/ქანზე, დაშალოს და ხელი შეუწყოს ნიადაგის წარმოქმნის პროცესს. შავი ფიჭვისა და ელდარის ფიჭვის ბიოეკოლოგიურ დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ მათი კულტურების სახით გაშენება შესაძლებელია ყველა ზონაში 2000 მეტრამდე ზღვის დონიდან.
რაც შეეხება დარგვის აგროტექნიკას, სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ტყის კულტურების გაშენებისას და არა ურბანული გამწვანებისას (ეს ორი აუცილებლად უნდა იქნეს გამიჯნული, რადგან ქალაქის გამწვანებას, ლანდშაფტურ არქიტექტურას გააჩნია აბსოლუტურად სხვა პარამეტრები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება ტყის გაშენებისას დასაცავი პრინციპებისაგან) უნდა იხელმძღვანელონ ტყის კულტურების გაშენების სქემებით. გაშენების სქემა სხვადასხვაა კლიმატის, ნიადაგის, ზონების და სხვა ბუნებრივი გარემო ფაქტორების მიხედვით. თუმცა, რომ ავიღოთ საშუალო, მიღებულია, რომ 1 ჰექტარზე ირგვება 5000 ცალი ნერგი - ანუ სიმჭიდროვე არის მაღალი, ასე გაშენდა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებიც, მით უმეტეს, უკვე აღინიშნა ის მკაცრი გარემო პირობები და მწირი ნიადაგი, სადაც უხდებოდათ მეტყევეებს ნერგების დარგვა და შესაბამისად, შეირჩა გაშენების სქემებიც - მაღალი სიმჭიდროვით.
ის მოსაზრება, რომ ამ ახლო-ახლო დარგული ხეების გამო ხდება მათი მასიური ხმობა არის ასევე ნაწილობრივ მცდარი. საქმე ისაა, რომ ხელოვნურად გაშენებულ ტყის კულტურებში უნდა ტარდებოდეს ინტენსიური მოვლის სამუშაოები, მათ შორის მოვლითი ჭრები, რომლის ჯერების (განათება, გაწმენდა, გამოხშირვა, გავლა და საჭიროების შემთხვევაში სანიტარული) სათანადოდ განხორციელებით (ტარდება კორომის სხვადასხვა ხნოვანებაში) შედეგად იღებ ჯანსაღ, მოვლილ და მდგრად კორომს. ზოგადად, მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს ხელისშემშლელი მცენარეების პერიოდულ გამოღებას ამ ნარგაობის მდგრადობის შენარჩუნებისთვის.
წლების განმავლობაში ეს არ გაკეთებულა, შესაბამისად, დღეისათვის ნარგაობის სიმჭიდროვე შეიძლება რომ მოვიაზროთ ხმობის ერთ-ერთ მიზეზადაც, რადგან მცენარეს, რომელიც დარგულია ისედაც მწირ ნიადაგზე, მიაღწია იმ ხნოვანებას, როდესაც უფრო მეტი საკვები სჭირდება, შეზღუდული აქვს კვებითი არეალი და ვერ იღებს ნიადაგიდან სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალების საკმარის რაოდენობას. ამგვარად, დასუსტებულ მცენარეზე ადვილად სახლდება მავნე მწერი, ან ადვილად ავადდება სოკოვანი თუ ვირუსული დაავადებებით, შედეგი ისევ ხმობაა. ვერ გამოვრიცხავთ, კლიმატის ცვლილების ფაქტორსაც და რაც მთავარია, ანთროპოგენულ ზემოქმედებას.
ასევე, ხშირად ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ხელოვნური ნარგაობა, მით უმეტეს, წიწვოვანი არ ხასიათდება ბუნებრივი განახლების თვისებით - ანუ, მათ ბუნებრივი ტყეების მსგავსად არ შეუძლიათ თვითგანახლება, მოზარდ-აღმონაცენის სახით. შესაბამისად, ეს სამწუხარო ფაქტებიც ადასტურებს, რომ ტყის გაშენება არ არის მხოლოდ ნერგების დარგვა!
- რა ბერკეტები გააჩნია ეროვნულ სატყეო სააგენტოს მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად და რა ღონისძებებს ატარებთ?
- ქალაქსა და მის ირგვლივ ტერიტორიების მართვაზე, მოვლასა და პატრონობაზე პასუხისმგებელია ქალაქ თბილისის მერია. მერიაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული სამსახური და ეროვნულ სატყეო სააგენტოს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, განახორციელოს რაიმე ღონისძიება, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის დაქვემდებრებულ ტერიტორიაზე, რადგან სააგენტო პასუხისმგებელია და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მხოლოდ მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა არ სცნობს „საზღვრებს“. სააგენტო ვერც მატერიალურად და ვერც სამართლებრივად, გამიჯნული კომპეტენციის გათვალისწინებით, ვერ შეძლებს, თავის თავზე აიღოს პროცესის სრული წარმართვა, თუმცა, მორალური და კოლეგიალური პრინციპების გათვალისწინებით მოვალეა, ჩაერთოს პროცესში და გახდეს მხარე. ჩვენ ვმუშაობთ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურთან, მზად ვართ, სააგენტომ გასწიოს ინტელექტუალური დახმარება, კერძოდ, ჩართოს სპეციალისტები როგორც ღონისძებების დაგეგმვის ასევე, განხორციელების ყველა ეტაპზე.
- საქართველოს სხვა რეგიონებში არის თუ არა გამოვლენილი ხეების ხმობის ფაქტები და სად?
- ტყეების იმ ტერიტორიებზე, რომლსაც მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო, ხმობის გამოვლენისთანავე რეგიონალური სატყეო სამსახურებიდან ვიღებთ „სასიგნალო შეტყობინებას“, რომლის საფუძველზეც სპეციალისტების მიერ ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის ადგილზე შესწავლა, ხმობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი ღონისძებების დაგეგმვა/განხორციელება. ეს პროცესი პრემანენტულად მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე „ცხელი წერტილი“ გვაქვს - სამცხე-ჯავახეთი, სადაც 2011 წელს გამოვლინდა წიწვოვანების მასობრივი ხმობა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ხმობის გამომწვევი იყო მავნე მწერი, მბეჭდავი ქერქიჭამია, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო 2012 წელს, თუმცა, ამ ღონისძიებების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2013 წლიდან მთელი რეგიონის ტერიტორიაზე. სეზონის მიხედვით ხდება 5000 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერის განთვსება, ამ მწერსაჭერების მონიტორინგი, დაჭერილი მწერების განადგურება. წელს ბრძოლის ღონისძებები უფრო კომპლექსური გახდა, ვახორციელებთ სანიტარულ ჭრებსაც ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანებულ უბანს წარმოადგენდა და აქვე იგეგმება წელს აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებაც.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში გვქონდა ფოთლისმღრღნელი მავნებლების მასიური გავრცელება, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისათვის გამოვიყენეთ ავიაცია და ვერტმფრენის საშუალებით შეიწამლა 2014 წელს 2000 ჰა ფართობი, ხოლო წელს 700-მდე ჰექტარი.
ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ქვეყნის მასშტაბით ბზების ხმობასთან დაკავშირებით, დაავადება უკანასკნელი 3-4 წელია, გააქტიურდა და ამ წითელი ნუსხით დაცული სახეობის მასიური ხმობა გამოიწვია. 20 ივლისიდან საერთაშორისო ექსპერტები, რომელთაც აქვთ საუკეთესო გამოცდილება, რადგან მათ მიერ მოხდა აჭარის ტერიტორიაზე მსგავსი კვლევების ჩატარება, შეისწავლიან ხმობის გამომწვევ მიზეზებს და ბზების მდგომარეობას 5 რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა, სამეგრელო ზემო სვანეთი. მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე სააგენტო დაგეგმავს და უზრუნველყოფს რეკომენდირებული ღონისძიებების განხორციელებას. უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმული გვაქვს. გასულ წელს ჯანსაღი კორომებიდან თესლი შეგროვდა, თესლის ბანკის შესაქმნელად, რომელიც წელსაც გაგრძელდება და ასევე ბზის „დაკალმება“ მის გასამრავლებად და ბუნებაში დასაბრუნებლად.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ დაავადებებს, რომ გახმეს და მოიჭრას ხეები. რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?
- ის, რომ ვინმეს მიერ ხელოვნურად ხდებოდეს მავნებლის ან დაავადების გავრცელება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს და ცოტა სკეპტიკურადაც ვუყურებთ. დაავადების ან მავნებელის გავრცელებას შეიძლება ადამიანის დაუდევრობამ შეუწყოს ხელი, მაგალითად, იგივე ბზის დაავადებული ტოტების ტრანსპორტირება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომ ბზა საკარანტინო ნუსხაში შევიდეს, ისიც ცნობილია, რომ მბეჭდავი ქერქიჭამია 60-იან წლებში საქართველოში რუსეთიდან ტრანსპორტირებულ გაუქერქავ მორებს შემოჰყვა, თუმცა, ტყეში კონკრეტული სუბიექტის მიერ დაავადების ან მავნებლის გავრცელება იმ მიზნით, რომ ხე გახმეს და მერე მოიჭრას, ცოტა არ იყოს, არარეალურად მეჩვენება, რადგან ტყეში და არა ქალაქში და მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნარგავებში, ხის მოჭრას, მათ შორის ხმელი ხის მოჭრას, დადგენილი პროცედურები აქვს და არ არსებობს გარანტიები, რომ ვინც „გაახმო“, ის ისარგებლებს ამ რესურსით.