14 იანვარს ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკავშილის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ადგილობრივების დასაქმებაზე. არის თუ არა რაჭა ზამთრისთვის ადაპტირებული კურორტი და რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება რაჭაში, ამასთან დაკავშირებით “აიპრესი” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პაპუნა მარგველიძეს ესაუბრა.

ამბროლაურის აეროპორტი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. როგორც ცნობილია აეროპორტში 15-20 კაციანი ხომალდები ფუნქციონირებს. 

რამდენი ხომალდია ამბროლაურის აეროპორტისთვის გამოყოფილი და უფრო დიდი ტევადობის ვერტმფრენების დანიშვნას როდის გეგმავთ?

აეროდრომის მშენებლობა უშუალოდ საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით განხორციელდა, სამუშაოები რეკორდულ დროში, დაახლოებით 3- 4 თვეში დასრულდა და აეროპორტი 14 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრია და საწყის ეტაპზე მოემსახურება 19-ადგილიან საჰაერო ხომალდებს. თუმცა არსებობს პერსპექტივა, რომ საფრენი ბილიკი 300 მეტრით დაგრძელდეს, ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოწესრიგდეს და ამბროლაურის აეროპორტი მომავალში 50 ადგილიან თვითმფრინავებსაც მოემსახუროს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტერმინალი 600 კვ.მ-ია და 50-მდე მგზავრის ერთდროულად მიღება შეუძლია.

ავიარეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას ხორციელდება. თვითმფრინავი ნატახტარიდან 14:30–ზე მოფრინავს. გზას დაახლოებით 30, 35 წუთი სჭირდება. ამბროლაურიდან ნატახტარისკენ კი რეისი 16:00 სთ–ზე ხორციელდება.

მგზავრობის ღირებულება 50 ლარს შეადგენს, მგზავრობაში შედის ნატახტარის აეროპორტიდან თბილისში რუსთაველის მეტრომდე გადაადგილებაც. ზაფხულიდან დამსვენებელთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად შესაძლოა, რეისები კიდევ დაემატოს.

რამდენი ადამიანია აეროპორტში დასაქმებული და არიან თუ არა ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ სიაში?

შეიქმნა 25-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი, რომელთა უმრავლესობაზე სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. გარდა ამისა, აეროპორტის მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა სამუშაოზე დასაქმებული იყო 70–მდე ადგილობრივი მცხოვრები.

რას სთავაზობთ ტურისტებს, რა უნდა ნახონ რაჭაში?

რაჭას და ზოგადად რეგიონს ტურისტული განვითარების თვალსაზრისით უდიდესი პერსპექტივა გააჩნია. აქ არის ცნობილი კურორტები, უნიკალური კულტურული და ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, ულამაზესი ტბები და მღვიმეები, მინერალური წყლები... 

ამჟამად მიმდინარეობს უწერა–შოვის გზის რეაბილიტაცია, რაც აღნიშნული კურორტების განვითარებას შეუწყობს ხელს. ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება მინერალური წყლების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება, მცირე სკვერების მოწყობა სველი წერტილებით. გარდა ამისა, ვფიქრობთ კურორტ უწერის ბალნეოლოგიური მიმართულებით განვითარებას, რისი პერსპექტივაც ამ კურორტს ნამდვილად გააჩნია. წლების წინ აქ ფუნქციონირებდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა დაავადებების განკურნება ხდებოდა.

მიმდინარეობს მუშაობა რაჭის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც მოიცავს უწერის, შოვის, ნიკორწმინდის, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას. ჩვენი მიზანია ტურისტების მიღება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის პერიოდში. რეგიონს ზამთრის კურორტების განვითარების უდიდესი პერსპექტივა გააჩნია, აქ თოვლი საკმაოდ ხარისხიანია და აპრილის ბოლომდე დევს, რამდენიმე ადგილას შესაძლებელია სათხილამურო ტრასების მოწყობა. სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, რაჭა მომავალში ოთხივე სეზონზე შეძლებს ტურისტების მიღებას. 

სამთო კურორტად ქცევის პერსპექტივა განსაკუთრებით შოვს აქვს. აქ იყო 6 კმ–იანი ტრასა, სადაც მომავალში შეიძლება საბაგირო ტრასის გაკეთება ბუბას მყინვარის მიმართულებით. ბუბის მყინვარიდან იშლება ძალიან ლამაზი ხედი კავკასიონზე და ეს იქნება ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. გზა რომელიც წელს ზაფხულში რებილიტირებული იქნება, ავა სწორედ შოვიდან ბუბის მყინვარზე და იქ არის შესაძლებელი სასრიალო ტრასის გაკეთება, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ახლა უკვე გატყევებულია.

გარდა ამისა, დიდია დაინტერესება შაორის ტბით, თუმცა ველოდებით მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის – სივრცითი მოწყობის ფარგლებში ჩვენს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების სრული სურათის დასრულებას, რის შემდეგაც მოხდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ყველა მიმართულებით.

რამდენად არის განვითარებული რაჭაში სასტუმროები, არიან თუ არა მზად ტურისტების მისაღებად?

რაჭაში ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი კერძო და საოჯახო სასტუმროები და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. საოჯახო სასტუმროებში საშუალო დღიური ღირებულება 40–45 ლარიდან იწყება. ამჟამად სახელმწიფო თანადაფინანსებით მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა შაორის ტბაზე და კერძო ინვესტიციით ლენტეხში. გასულ წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. რეგიონის ყველა სასტუმრო დაკავებული იყო, თუმცა შოვისა და უწერის კურორტები მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 45 დღე არის დატვირთული, რაც საკმარისი არ არის რადგან პერსპექტივა უფრო დიდი აქვს. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და დაგეგმილი აქტიური სამუშაოების შედეგად დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენს რეგიონს ექნება საშუალება ტურისტებს მთელი წლის მანძილზე უმასპინძლოს.

როდის დაიწყება ნიკორწმინდის ტაძრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია და როდის დასრულდება?

ამჟამად საპროექტო სამუშაოები დასრულების ფაზაშია და ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი 2017 წელსვე დასრულდეს.

რა თანხაა გამოყოფილი პროექტისთვის?

რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3-დან 4 მილიონამდე დაიხარჯება, თუმცა, შესაძლოა ეს ხარჯი გაიზარდოს, ან ტენდერში შემცირდეს.

საიდან გამოიყოფა პროექტისთვის საჭირო თანხები? 

დაფინანსება სავარაუდოდ რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ან მუნიციპალური განვითარების ფონდიდან იქნება. ადგილობრივ ბიუჯეტს, სამწუხაროდ ჯერჯერობით ამის სახსრები არ გააჩნია. 

ცნობილია, რომ ამბროლაურსა და ონს შორის იგეგმება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის მშენებლობა. როდის დაიწყება პარკის მშენებლობა?

მიმდინარეობს ტერიტორიის გეოგრაფიული კვლევა, საზღვრების დადგენა. გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა ის პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სხვა, რომელიც აქ უნდა განხორციელდეს. ასევე უნდა მოხდეს კერძო პირების კუთვნილი მიწების ამორიცხვა და უნდა შეიქმნას ტერიტორიის კონტური, სადაც შემდგომში ეროვნული პარკი იქნება. პარკი დაახლოებით 30 000-40 000 ჰექტარზე გაშენდება. ვფიქრობ წელს უკვე კვლევის შედეგი უნდა გვქონდეს.

თუ იგეგმება ლეჩხუმის მხარეში მსგავსი პროექტების განხორციელება?

როგორც ლეჩხუმში, ასევე სვანეთში და რაჭაში პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმის განვითარებაა. დაწყებულია და გრძელდება იმ ადგილების კეთილმოწყობა, სადაც ისტორიული ძეგლები, ჩანჩქერები და მინერალური წყლებია. ვცდილობთ მთელი მხარის მასშტაბით გაკეთდეს ასეთ ადგილებამდე მისასვლელი გზები, დასასვენებელი ადგილები (მცირე პარკები). ჩვენი მიზანია შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ლეჩხუმში არის მნიშვნელოვანი კურორტები, ერთერთი მათგანია კურორტი ლაშიჭალა, სადაც უნიკალური მინერალური წყლებია, ასევე არის ხვამლის მთა. ეს ადგილი გამორჩეულია არა მხოლოდ ჩვენს მხარეში, არამედ საქართველოშიც და ტურისტებს იზიდავს. წელს იგეგმება ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის საპროექტო სამუშაოების დაწყება, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ადგილის უფრო მეტად განვითარებისთვის.

გარდა ამისა, ცაგერში არის მსოფლიოში ცნობილი წმინდანის–წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, რაც ქართველ და უცხოელ ტურისტებში დიდ დაინტერესებას იწვევს.

ამჟამად მიმდინარეობს ცნობილი "მწვანე თეატრის" რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ცაგერს საშუალება მიეცემა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლოს. შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსიც. მსგავსი ფართომასშტაბიანი პროექტები, რაც ხელს უწყობს მხარის განვითარებას და ტურისტების მეტად დაინტერესებას.
რაც შეეხება ლენტეხს, იგეგმება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებისთვის.

როდის იგეგმება ლენტეხი-მესტიის გზის მშენებლობა? 

პროექტირებაზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გზის პროექტირება 2017 წელს უნდა დასრულდეს. მშენებლობა კი სავარაუდოდ 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება, ისევე როგორც საჩხერე –რაჭის დამაკავშირებელი გზა. არსებობს ლენტეხი–მესტიის შემოვლითი გზა (ე.წ. საზაფხულო გზა), რომლის მოასფალტების დაწყებაც წელს იგეგმება.

ქვემო სვანეთში არის კურორტი მუაში, მიმზიდველი სვანური კოშკები, ულამაზესი ადგილები. ეს მხარე არანაკლებ მიმზიდველია, ვიდრე ზემო სვანეთი. 2016 წელს გაკეთდა სკალდის სალოცავთან მისასვლელი გზა. აქ არის უდიდესი პერსპექტივა გაკეთდეს სათხილამურო ტრასებიც.

როდის დაიწყება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რამდენი ხანი გასტანს სამუშაო პროცესი და რა თანხაა გამოყოფილი პროექტისთვის, რამდენ კილომეტრიანი იქნება? რამდენად შემცირდება მგზავრობის დრო ?

საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელ გზაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ წელს უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მგზავრობის დრო დაახლოებით ერთი საათით შემცირდება.

რა მდგომარეობაშია რეგიონის შიდა სასოფლო გზები?

შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხები კეთდება, რათა ყოველი წვიმის შემდეგ პრობლემები არ შეიქმნას. ამის მოწესრიგების გარეშე შეუძლებელია გზების სამშენებლო სამუშაოების დაწყება, თუმცა რამდენიმე სოფელში უკვე ბეტონის საფარი დაიგო. გზების მოვლა-შენახვაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მუშაობენ და შესაძლებლობის ფარგლებში ახერხებენ მოწესრიგებას. 

ელექტროენერგიის პრობლემების აღმოსაფხვრელად რა სამუშაოებია დაგეგმილი? 

პერიოდულად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძების გამოცვლა. აღსანიშნავია, რომ პროექტ ,,სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში განხორციელდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ელექტრიფიკაცია, რომელთაც ელ. ენერგია 27 წლის მანძილზე არ მიეწოდებოდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგია მიეწოდებოდეს ისეთ სოფლებსაც, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ადგილზე დამაგრების, ან დაბრუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორედ ესაა.

რომელ სოფლებს აქვს გაზიფიცირების პრობლემა ? ასევე წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის? როდის იგეგმება ამ პრობლემების მოგვარება?

ონის მუნიციპალიტეეტში და მის მიმდებარე 6 სოფელში 2016 წლის დეკემბერში პირველად შევიდა ბუნებრივი აირი. ეს პროექტი გაგრძელდება შემდგომში და მოიცავს მთელს ზემო რაჭას. სოფლების გაზიფიცირება-დაქსელვა სამომავლოდ იგეგმება და ფიქრობ, რომ 2017 წელს უკვე დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა.

რაც შეეხება მთლიანად წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ელექტროენერგიის შემოყვანას მთელი რაჭის ტერიტორიაზე, ეს დამოკიდებულია დაფინანსებაზე.

ავტორი: ნათია ჩხაიძე