თბილისის მერობისთვის ორი კანდიდატი უკვე დასახელდა და სავარაუდოდ მთავარი ბრძოლა მათ შორის გაიმართება. დედაქალაქის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ისევ კახა კალაძე იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციის ერთი ნაწილი ფსონს ნიკა მელიაზე დებს. დაასახელებენ თუ არა სხვა პარტიები კანდიდატებს, ეს ჯერ უცნობია, თუმცა ყველაზე მეტი მოლოდინი მაინც გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ მიმართ არის, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკურ ბაზარზე ყველაფერი შეცვალოს.
რა შანსი აქვს ნიკა მელიას და რას შეცვლის გახარიას მერობის კანდიდატი? როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია და რას ნიშნავს თბილისში გაკრული პლაკატები? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობს: _ დასახელდა თბილისის მერობის კანდიდატები. „ოცნებიდან“ კალაძე იქნება, ხოლო ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მელია დაასახელა. როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს კალაძესთან ოპოზიციის კანდიდატებს? _ თუ გავიხსენებთ, რომ 2012 წლის მერე ოპოზიციამ ვერცერთ არჩევნებში ვერ მოახერხა გამარჯვება, ვერც საპარლამენტოზე და ვერც ადგილობრივზე. ამ კანონზომიერების მიხედვით, ოპოზიციას საიმედო არაფერი არ აქვს. თუკი იმას მივამატებთ, რომ ბოლო ხანებში ოპოზიციას მაინცდამაინც საიმედო ნაბიჯები არ გადაუდგამს იდგა ნახევარი წელი ქუჩაში, აპროტესტებდა ქუჩაში. მერე შევიდა პარლამენტში და საპარლამენტო კომისიაში არ იღებს მონაწილეობას. ლოგიკურობა აკლია მის ნაბიჯებს. თან მთელი ოპოზიცია. ამიტომ, მეეჭვება, რომ რეიტინგს რამე მიუმატა. უფრო მგონია, რომ პირიქით გამოაკლო. ამიტომ, მეეჭვება, რომ მათ არჩვენებში წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს. _ მეორე ტურს არ უნდა ველოდოთ? მიუხედავად იმისა, ვის დაასახელებს გახარია? _ თუ გახარიას კანდიდატურა შემოიტანს ცვლილებას, შესაძლოა ველოდოთ მეორე ტურს. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დონეზე თუ დარჩა ბრძოლა, მაშინ მეორე ტური მეეჭვება, რომ საჭირო გახდეს, თუმცა გვახსოვს, რომ პრეზიდენტის არჩევნების დროს მეორე ტური მოიტანა ამავე ძალების დაპირისპირებამ. მაგრამ, მეეჭვება, რომ იგივე განმეორდეს. _ რაც შეეხება პარტიულ არჩევნებს, აქაც გახარიას ხმები იქნება გადამწყვეტი იმაზე, მიიღებს თუ არა 43%-ს „ოცნება“, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნოს? _ ალბათ ბევრი ფაქტორი ერთად და მათ შორის გახარიას ფაქტორიც, რადგან თუკი გახარია კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო, მას აქვს შანსი წაიღოს იმ ამომრჩევლის ხმები, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიოდა. იმიტომ, რომ არც „ოცნება“ უნდოდა და არც „ნაციონალები“. თუკი ეს ხმები აიღო, ბუნებრივია, ეს შეამცირებს „ოცნების“ პროცენტებს. _ აქვს შანსი მეორე ადგილზე გავიდეს? _ მეორეზე გავა თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ საიმისო ხმები, რომ ამან იმოქმედოს „ქართული ოცნების“ 43%-იან ბარიერზე, ანუ იმაზე, რომ „ოცნება“ ვერ გადალახავს ამ 43%-იან ზღვარს, ამის შანსი აქვს. _ გამოჩნდა პლაკატები ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების ერთად წარწერებით მოძალადეები და ა. შ. ჩანს თუ არა, რომ ასეთი ტიპის კამპანია გველოდება? _ ქართული და არა მარტო ქართული საარჩევნო კამპანია საკმაოდ მკაცრია. რა თქმა უნდა, ანალოგიური გველოდება, მაგრამ მე არა მგონია, რომ მაგ ფრაგმენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეთ. ისევე როგორც ადრე არ ჰქონია პიარტექნოლოგიის ამ საშუალებებს. ორივე ამ პარტიას - „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ მყარი ამომრჩეველი ჰყავს და მყარი დამოკიდებულებაა მათ მიმართ. ალბათ უფრო ეს ტრადიცია იმოქმედებს, ვიდრე ის საშუალებები, რომელსაც თითოეული მხარე გამოიყენებს. _ რაც შეეხება იმას, ურევია თუ არა ამ პლაკატების გაკვრაში ხელისუფლების ხელი? ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ? _ არა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამაში ხელისუფლების ხელი არ ურევია. იმიტომ, რომ ადრეც იყო ანალოგიური კამპანია. ვინც არიან ავტორები, ისინი ხელისუფლებასთან არანაირ კავშირში არ არიან. თუ გავიხსენებთ იმას, რომ მოსახლეობას არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ ამ მოსახლეობაში საკმაოდ აქტიური ნაწილი იქნება, რომელიც ეცდება, რომ მიუღებელი გახადოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელახლა მოსვლა ხელისუფლებაში. ამისთვის მეორე მხარე ანუ „ქართული ოცნება“ არ არის აუცილებელი. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი