დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას დისკუსია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება კი ხვიჩიას მხრიდან პრემიერის კრიტიკამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მიმართ მსოფლიოს მხრიდან დაკისრებულ სანქციებს შედეგი არ მოაქვს.
რა მოხდა ბიუროს სხდომაზე და რატომ თვლის, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია სამარცხვინოა? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს: _ რატომ მოგიხდათ დღეს უმრავლესობის წევრებთან დაპირისპირება და რაში იქცევა სამარცხვინოდ „ქართული ოცნება“, რატომ უწოდეთ ასე? _ სამარცხვინობაზე საუბარი მე არ დამიწყია, ეს ჩემი პასუხი იყო. იმიტომ, რომ აქეთ დაიწყეს ასე საუბარი. მე უბრალოდ ვცდილობდი, რომ გამეკრიტიკებინა „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი მათ მიერ ნათქვამი პოზიციის გამო უკრაინის თემაზე. მინდოდა მეთქვა, რომ ამ პოზიციიდან თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ თითქოს ქართული მხარე არ გულშემატკივრობს უკრაინას და გულშემატკივრობს სხვა მხარეს. მათ ეს მიიღეს შეურაცხყოფად და აქეთ გადმოვიდნენ აგრესიაზე. ვეცადე, რომ ამაზე პასუხი გამეცა. _ თქვენ კითხვებზე მიიღეთ პასუხი რეალურად? ან თუნდაც პირადი საუბრის დონეზე მაინც - რატომ იქცევა „ქართული ოცნება“ ისე, როგორც იქცევა? _ ამასთან დაკავშირებით მე მათთან საუბარი არ მქონია. თვითონ ამბობენ, რომ რუსეთი საშიშია და ცხადია, რომ ეს ასეც არის. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეს და ისინი უკეთესად ხედავენ. სულ ეს არის, რა არგუმენტებსაც „ოცნება“ ამბობს საჯარო სივრცეში. რაც ვაკვირდებით უკრაინის მოვლენებს და იმას ცივილიზებული სამყარო როგორ აღიქვამს ამ მოვლენას და როგორ არის ერთ მუშტად შეკრული უკრაინის გარშემო და ჩვენ ამ დროს სრულიად გაუგებარი პოზიციები გვაქვს. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვინც არის ყველას პრორუსად არ ვთვლიდი, უბრალოდ ის პოზიცია, რომელსაც მათი სახელით პრემიერი აჟღერებდა არაადეკვატური იყო. ამაზე „ოცნების“ პასუხი იყო აგრესია, რომ არ გველაპარაკა მასზე. _ პრემიერი ამბობს, რომ მსოფლიოს სანქციებს არ აქვს რეალური შედეგი. ეს როგორ გაიგეთ? _ როგორც გავიგე, ისე ვთქვი დღევანდელ სხდომაზე და ამას მოჰყვა ის ამბები, რაზეც ვისაუბრეთ. გავიგე ისე, რომ ეს არ არის უკრაინის გულშემატკივრობა. მაშინ, როდესაც პუტინიც კი იძახის, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის და დაუწესეს სანქციები და ამ დროს შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ ეს სანქციები არ მუშაობს, უბრალოდ არაფერში არ წერია. იმიტომ, რომ მართალი არ არის. ისევე როგორც მართალი არ არის, რომ რუსეთი იგებდეს ახლა ამ ბრძოლას. _ ისევ იყო „ნაციონალების“ ხსენება. ეს რაში ჯდება, როდესაც მსოფლიოა რუსეთის აგრესიის გამოწვევის წინაშე. ალბათ თქვენც გაგიჩნდებოდათ განცდა, რომ ამ დროს რა დროს „ნაციონალებია“... _ ჩვენ მაგ განწყობით შევედით სხდომაზე. იმიტომ, რომ ვიცოდით - ამაზე იქნებოდა საუბარი. მე ვთხოვე ხატიასაც [ხატია დეკანოიძე - ენმ-ის წევრი] და სხვა ოპოზიციონერებსაც შესვლამდე, რომ „ქოც-ნაცურ“ ჭრილში არ გადაგვეზარდა ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ პირველი ამას გააკეთებდა და ეცადნენ, რომ ჩემ შემთხვევაშიც კი გამოეყენებინათ. _ დიალოგი დაიწყო ომში ჩართულ მხარეებს შორის. რა მოლოდინი გაქვთ? უნდა ველოდოთ თუ არა ვითარების ოდნავ მაინც დარეგულირებას? _ საბოლოოდ ვითარება დარეგულირდება. იქიდან გამომდინარე, რომ მჯერა, ამ ბრძოლას ვერ მოიგებს რუსეთი - პირიქით, ყოველდღიურად მილიარდობით ზარალი ადგებათ. ამას დამატებული სანქციები და მე მგონი რუსეთის მთელი მოსახლეობისთვის გახდა, რომ ეს პრობლემაა. შესაბამისად, ეს ამბავი დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და ძალიან მალე ისეთი შეთანხმებით დამთავრდება, საიდანაც პუტინი არ იქნება ბედნიერი. შესაბამისად, ის ხალხი ვინც არ გულშემატკივრობენ უკრაინას, ვერ იქნებიან ბედნიერები. მე მინდა, რომ ჩვენ უკრაინასთან ერთად ვმოძრაობდეთ ცივილიზაციის გზაზე. იმიტომ, რომ ახლა უკრაინის მიმართ იხსნება შანსები როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში. იმის გამო, რომ ჩვენ ჩამოვრჩით ამ მოვლენებს და საერთოდ სხვაგან ვართ, შეიძლება ასევე სხვაგან წავიდეთ. ჩვენ გვინდა ამ სიტუაციის რაღაცნაირად უკან მოტრიალება. _ თუმცა, ეს ხელისუფლების დონეზე ალბათ. მეორე მხრივ ვხედავთ საზოგადოებას და იმას, როგორ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. ამას არ ექნება რაღაც გავლენა ჩვენ საერთაშორისო დღის წესრიგზე? _ მე მგონია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვქონდეს ეს გავლენა. პირველ რიგში საკუთარ ხელისუფლებაზე და დანარჩენი ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერი გვაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მოურიდებლად გავაკრიტიკოთ ყველა, ვინც საქართველოს პროდასავლურ გზას ხელს უშლის. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი