კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ტრანშს ისედაც გვიჩერებდნენ, არჩევნების წინ თავიდან აირიდეს სკანდალი (ინტერვიუ)

1630430153
საქართველო ევროკავშირის დახმარებას აღარ მიიღებს. ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. საქმე ეხება 75 მილიონიან დახმარებას. პრემიერის მტკიცებით, ეს დახმარება არა გრანტი, არამედ ვალი იყო, მთავრობას კი ვალების შემცირება უნდა.
„რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს და 75 მილიონი ევროს მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო უბრალოდ გრანტი, რომლის თაობაზეც ალბათ მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს კომენტარს. წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება“, - თქვა პრემიერმა.
ოპოზიციის განცხადებით, კი ეს ერთგვარი სანქციაა.
რა არის რეალურად - ვალზე უარის თქმა თუ სანქცია და რას მოუტანს ეს ქვეყანას? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი საუბრობს:
_ ხელისუფლება გვეუბნება, რომ საგარეო ვალის გაზრდა არ უნდოდათ და უარს ამბობენ ამაზე. ასე გადათარგმნეს ევროკავშირის დახმარების შეზღუდვა, ოპოზიცია კი მას სანქციის ერთგვარ ფორმას უწოდებს. ვის უნდა დავუჯეროთ?
_ რეალურად სიტუაცია ასეთია, რომ ევროკავშირი აპირებდა ტრანშის გადმორიცხვის შეჩერებას, იმის გამო, რომ მთავრობამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შედგენილი. ეს იყო სადამსჯელო ნაბიჯი მისი შეჩერება. მთავრობამ დაასწრო და თქვა, რომ არ გვჭირდებაო. იმიტომ, რომ დამატებით მილიარდი ლარი შემოგვივიდა ბიუჯეტშიო.
_ დაასწრო რეალურად? ამას ვკითხულობ იქიდან გამომდინარე, რომ შარლ მიშელი ჯერ კიდევ 24 აგვისტოს წერდა თავის „ტვიტში“, რომ მიკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, მაგრამ საჭიროა რეფორმებიო.
_ კი, გასაგებია. რეფორმებში გულისხმობდა ზუსტად იმას, რაც გაწერილი იყო შეთანხმებაში. ის შეთანხმება კი დაირღვა. თავისთავად მარტო იმაში არ არის საქმე, რომ შეთანხმება გაწყდა. ერთმა მხარემ უარი თქვა მის შესრულებაზე, მეორე საკითხია ის, რომ რაც იყო აღებული ვალდებულებები შეთანხმებაში, ევროკავშირის მხარე თვლის, რომ ის არ შესრულდა. განსაკუთრებით, რაც შეეხება სასამართლო რეფორმის მსვლელობა. ამის გამო ალბათ შეაჩერებდა ტრანშს ევროკავშირი. მთავრობამ დაასწრო და თქვა, რომ არ გვჭირდებაო. დაახლოებით იმას ჰგავს მელამ რომ თქვა ცნობილ იგავარაკში - „მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო“. უბრალოდ კი ის ვერ შესწვდა ყურძენს. ამ შემთხვევაში ძალიან წააგავს ასეთ სიტუაციას. უარი თქვეს იმაზე, რასაც ისედაც გვიჩერებდნენ. თავიდან აირიდეს სკანდალი, რომელიც შეიძლება მოყოლოდა არჩევნების წინ, რომ აი ევროკავშირმა საქართველოს შეუჩერა დახმარება.
_ სკანდალი აღარ მოყვება ამას?
_ აღარ მოყვება. რაც შეეხება იმას, სტრატეგიულად თუ შევხედავთ, არასწორი მგონია ასეთი რაღაცის გაკეთება. ევროკავშირის დახმარება ბევრჯერ დაგვჭირდება. უამრავი სხვა ტიპის დახმარებებია. ამასთანავე ჩვენ დახმარებებს ვიღებთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სადაც ევროკავშირის წილი ძალიან დიდია. ასევე შეიძლება ამერიკამაც თქვას მომავალში, რომ ცოტა ხნით შევაჩერებ თქვენ მიმართ დახმარებას და უფრო სწორად სჭირდება ავღანელ ლტოლვილებს და ბევრი სხვა ხარჯები გვაქვსო.
_ სანქციების წინაპირობადაც ხომ არ უნდა განვიხილოთ?
_ არა მგონია, რომ სანქციებად შეიძლება ამის განხილვა. უბრალოდ, დახმარებაზე გეუბნებიან უარს. სანქცია გულისხმობს რაღაც უფლებებიც შემცირებას. მაგალითად, რაღაც კონკრეტულ პროდუქტზე იმპორტის აკრძალვას, ემბარგოს, რეჟიმის გამკაცრებას ეკონომიკურ ურთიერთობებში და ა. შ. დახმარება არის კეთილი ნების გამოხატულება და ამის შეჩერება არის ამ კეთილ ნებაზე უარის თქმა.
_ ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ამის შემდეგ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხეო და ეს რეალურია?
_ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეიძლება სხვა მიმართულებით დაემუქროს. მაგალითად იმ მიმართულებიდან, რომ გააქტიურებულები არიან ქართველი კრიმინალები ევროპაში. ის, რომ არალეგალური მიგრაცია მაინც საკმაოდ მაღალ დონეზეა და ძალიან ბევრი ქართველი ჩადის ევროკავშირში ტურისტად და ევროკავშირისგან ითხოვს თავშესაფარს. თუმცა, კოვიდშეზღუდვების გამო, ესეც შეზღუდულია. ამიტომ, არა მგონია ამ ეტაპზე გვემუქრებოდეს. მომავალში, რომ გავიხედოთ, რა თქმა უნდა პრობლემები მოსალოდნელია.
_ თუმცა, ალბათ რაც ჩამოთვალეთ ამაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა ნაკლებია.
_ კი, რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხისმგებლობა ნაკლებია, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ შენი მოქალაქეები გადიან და თავშესაფარს ითხოვენ, ამაზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს თავიდან. ამაზე ევროკავშირი და მისი წევრები პასუხს ხელისუფლებას მოსთხოვენ, რომ რა გააკეთა და როგორ შეამცირა იმის სანსები, რომ მოქალაქეები გაიქცნენ და დარჩნენ ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად, ან მოითხოვონ თავშესაფარი. ეს იმ დროს, როდესაც ისედაც ბევრი ლტოლვილი ჰყავთ. ახლა ვიღაცა რომ შეიპაროს ავღანეთიდან, მას ვერ გააძევებენ, რადგანაც ავღანეთში სიცოცხლის საფრთხეა.
საქართველოში კი სხვა ვითარებაა და ამაზე პასუხებს მოსთხოვენ მთავრობას - რატომ ვერ აკავებთ მოქალაქეების მიგრაციას და რატომ არ ამოწმებთ, რეალურად რისთვის მიდის ადამიანი ევროპაში, აქვს თუ არა რაიმე ფინანსური სახსრები, როდესაც გადის სხვა ქვეყანაში და ა. შ. ეს ის ღონისძიებებია, რის გატარებასაც მთავრობისგან ითხოვენ.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი