ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მისი მოადგილე, გიორგი სიორიძე პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს.
„კომისიის მოადგილის მხრიდან ხდება თავის თავის მსხვერპლად წარმოჩენა. ამასთანავე ვხედავთ იმას, რომ ის პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოდის და არა თუ ვერ გამოვიდა ამდენი წლის განმავლობაში, არამედ ისიც ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის მან მისსავე პარტიაში პოლიტიკური საბჭოს წევრის პოზიცია დაიკავა.
რომელ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაჰბარდეს ისეთ პირს, რომელიც ამ სახით პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო მოუწოდებს პარტია „ლელოს“ მიერ დანიშნულ ცესკოს წევრს, ამავდროულად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი სიორიძეს და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, კომისიის წევრების საქმიანობა შეაფასონ ობიექტურად, ნუ გაავრცელებენ დეზინფორმაციას და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.