არის თუ არა მზად საქართველო ჩინეთიდან წამოსული კომპანიების მისაღებად?! - ინტერვიუ ლადო პაპავასთან

1588617651
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შერბილების მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის მიხედვითაც ნებადართულია ქუთაისში და ბათუმში შესვლა, თუმცა კვლავაც რჩება აღნიშნული შეზღუდვა თბილისთან და რუსთავთან მიმართებით. მთავრობაში იმედს გამოთქვამენ, რომ კვირის ბოლოს ეს შეზღუდვებიც მოიხსნება. ამასთან მთავრობა ხვალიდან ხსნის ავტოსახელოსნო და სამშენებლო ბიზნესში დაწესებულ რეგულაციებსაც, თუმცა ყველა ეს საქმიანობა ნებადართულია დისტანციის დაცვითა და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.
რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკის ამუშავების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ, ხომ არ აგვიანებს გეგმის გამოქვეყნებას და რა პერსპექტივები ჩნდება გლობალური ბიზნეს გარემოს ფონზე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პროფესორი ლადო პაპავა საუბრობს:
_ მთავრობამ გამოაცხადა, რომ გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდება. იხსნება ბათუმსა და ქუთაისში შესვლის შეზღუდვები, ხვალიდან ასევე იხსნება სამშენებლო ბიზნესი და ავტოსახელოსნო ბიზნესი. დროული გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ ძლიერი ზარალი არ ნახოს ეკონომიკამ თუ კიდევ მეტი ქმედებებია საჭირო?
_ საქმე იმაში გახლავთ, რომ კორონავირუსის პანდემია არის პრაქტიკულად შეუსწავლელი. ფაქტია, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით კორონავირუსის სამედიცინო მხარეები. პანდემია დიდ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ეს ზეგავლენაც არ არის ბოლომდე ცნობილი. ასე, რომ მთელი მსოფლიო არის იმ პრობლემის წინაშე, რომელიც ბოლომდე ცნობილი არ არის. ამ შემთხვევაში ყველა სახელმწიფო მოქმედებს თავის სქემით, მეტ-ნაკლები სიფრთხილით. არიან ქვეყნები, რომლებიც უფრო ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ, არიან ქვეყნები, რომლებიც მეტი სიფრთხილეს იჩენენ.
როგორც მედიცინაშია მიღებული ტერმინი „პროტოკოლი“ ანუ როგორ უნდა უმკურნალონ ავადმყოფს, ასევეა ეკონომიკაშიც - არც მისე ე. წ. „პროტოკოლი“ არსებობს. ამიტომ მთავრობის ქმედება მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა აწყობილი, რომ თანდათანობით მოხდეს ეკონომიკის გახსნა ისე, რომ ქვეყანა დიდად არ დაზარალდეს.
რატომ იხსნება დასავლეთ საქართველოს ორი ქალაქი და არ იხსნება თბილისი და რუსთავი? - რუსთავი არის ქვემო ქართლი, თბილისი კი მისი მომიჯნავე. ქვემო ქართლში კი ყველაზე მეტად არის გავრცელებული კორონავირუსი. როდესაც სრულად არ იცი მოვლენის არსი, სჯობს იმოქმედო სიფრთხილით. ამიტომ ვთვლი, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იმედის მომცემია.
_ იქამდე განხორციელდა მთავრობის გეგმები, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური და სოციალური მიმართულება. დღეს ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, ვინ ისარგებლებენ ამ დახმარებათა პაკეტებით. თქვენი აზრით არის თუ არა მკაფიო კრიტერიუმები, თუ ამ საკითხებთან მიმართებით ისევ რჩება ბუნდოვანება?
_ თქვენი კითხვა ძალიან სწორია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. მე არ მინახავს გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმა და არის მხოლოდ საპრეზენტაციო მასალა, არის სხვადასხვა ინფორმაცია გეგმის შესახებ, მაგრამ თავად გეგმა არ არის, აქედან გამომდინარე პასუხის გაცემა რთულია.
_ ხომ არ გვიანდება გეგმის გამოქვეყნება?
_ მე ისიც კი არ ვიცი, ეს გეგმა დაწერილი არსებობს თუ არა. საუბარი იმაზეა, რომ თუკი გეგმა არის, მთავრობამ ის უნდა დაამტკიცოს ნორმატიული აქტით, ანუ, ეს მთავრობის დადგენილებით უნდა იყოს მიღებული. ბუნებრივია საპრეზენტაციო სლაიდებს მთავრობის დადგენილებით ვერ დაამტკიცებ. ამიტომ, რადგანაც მე თვითონ გეგმა არ მინახავს, მე ძალიან გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა.
იმავდროულად მინდა გითხრათ, რომ სწორია ის, რომ გარკვეული თანხები გაიცემა. თუნდაც ის 200 ლარი, რომელსაც მისი ადრესატი მიიღებს, რა თქმა უნდა ეს მისთვის არის ძალიან ცოტა, მაგრამ არის თუ არა ეს იმის მაქსიმუმი, რომლის გაკეთებაც შეუძლია მთავრობას, ეს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ მე გეგმა არ მინახავს.
რა თქმა უნდა, ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება გაზარდო და ეს თანხები დაურიგო მოსახლეობას, მაგრამ უნდა იცოდე მაშინ, რომ აუცილებლად ადგილი ექნება გაზრდილ ინფლაციას, ლარის მსყიდველობითი უნარი დაქვეითდება და თუნდაც გაზრდილი თანხით უფრო ნაკლებ საქონელს შეიძენენ ის ადამიანები, ვინც ამ დახმარებას მიიღებენ. საკმაოდ რთული პრობლემაა და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სანამ გეგმა არ იქნება წარმოდგენილი, მანამდე კონკრეტული რამის თქმა მე პირადად ძალიან გამიჭირდება.
_ გასაგებია, რომ გეგმის გამოქვეყნებამდე ვერც იმაზე ვისაუბრებთ რამდენად გადარჩება ბიზნესი, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი აზრი იმაზე ამ გლობალური ბიზნეს გადანაცვლებასთან დაკავშირებით რა პერსპექტივა ჩნდება საქართველოსთვის? მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩინეთიდან გამოდიან დიდი კომპანიები, გაჩნდა მოსაზრებები ხომ არ გაჩნდა საქართველოსთვისაც პერსპექტივა, რომ თუნდაც ერთი სოლიდური კომპანიის შემოყვანა მოხერხდეს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
_ პირველ რიგში მინდა მივესალმო მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მან ერთმანეთისგან გამიჯნა ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული ღონისძიებები. პოსტკრიზისული გეგმა ეკონომიკის აღორძინებაზეა ფოკუსირებული, ხოლო ანტიკრიზისული ეკონომიკის ნგრევის შემსუბუქებაზე. ამიტომ, ეს გამიჯვნა სწორია.
კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, ამას თავისი აქტუალურობა გაეზრდება მას შემდეგ, რაც დადგება პოსტკრიზისული პერიოდი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას აქვს კარგი პოზიციონირება, რათა გარკვეული საწარმოებისთვის გავხდეთ მიმზიდველი და მათი ახალი ლოკაცია იყოს საქართველო. გასათვალისწინებელია ის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. გეოგრაფიულადაც საქართველო არის სადღაც შუაში ევროპასა და ჩინეთს შორის. მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა - ჩვენთან რომ ეს საწარმოები გადმოვიდეს, რასაც მე პირადად მივესალმები, რამდენად იქნება ჩვენი მოსახლეობა მზად, რომ ამ საწარმოებში დასაქმდნენ?
_ ადამიანისეულ რესურსს გულისხმობთ?
_ დიახ, ადამიანისეულ რესურსზე ვლაპარაკობ. საქმე იმაში გახლავთ, რომ რამდენად გვყავს ჩვენ კვალიფიციური მუშები, კვალიფიციური ინჟინრები და ა. შ., რათა ისინი დასაქმდნენ ამ საწარმოებში?
თუ ეს საწარმოები გადმოვიდა საქართველოში და ამას მოჰყვა იმიგრაციაც, ანუ ჩინეთიდან წამოვიდა მუშახელიც, რომელიც აქ დასაქმდება, ეს რა თქმა უნდა საქართველოს მისცემს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იპოვის სამსახურს. ამიტომ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, პროფესიული განათლების მაქსიმალურ სტიმულირების და უმაღლესი განათლების თვისობრივად სხვა დონეზე აყვანის მიზნით.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის უმაღლესი განათლების საკითხები. შემოდგომაზე როდესაც დაიწყება ახალი სასწავლო წელი, ძალიან ბევრ სტუდენტს, რომელსაც არ ექნება გრანტული დაფინანსება, მას გაუჭირდება სწავლის საფასური გადახდა. ამიტომ სასწრაფოდ არის მისაღები ცვლილებები უმაღლესი განათლების დაფინანსების წესში. სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. არ შეიძლება უნივერსიტეტი ხელებში უყურებდეს სტუდენტებს. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ასეთი მოდელი არ მუშაობს.
_ ყველა სპეციალობაზე უნდა გაუქმდეს გადასახადი თუ გარკვეული სპეციალობების სტიმულირება უნდა მოხდეს?
_ აბსოლუტურად ყველა სპეციალობას. როგორც წესი ევროპული მოდელი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ეფუძნება იმას, რომ სახელმწიფო ენაზე სწავლება უნდა იყოს უფასო. რომელი სტუდენტიც არ უნდა იყოს ის, ადგილობრივი თუ უცხოელი, უნდა სწავლობდეს უფასოდ, ის არ უნდა იხდიდეს ფულს. ხოლო თუ სწავლა გინდა უცხო ენაზე, მაშინ უნდა გადაიხადო საფასური. ეს არის მოდელი, რომელიც არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოყენებული, რომლებიც დღეს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და კარგადაც ვითარდებიან. ამიტომ, ჩვენც გვჭირდება, რომ სერიოზულად ვიფიქროთ განათლების და მეცნიერების სისტემის სრულყოფაზე, რაც პრიორიტეტული უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი