ნიკო ცეცხლაძეს იზოლაციამ ვერაფერი დააკლო, პირიქით, მის შემოქმედებას კიდევ ერთი გამოფენა და იზოლაციიდან დანახული ფერები და იდეები შეემატა. სწორედ ეს იდეები აღმოჩნდა იმ კატალოგზე, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილმა მხატვარმა სკამის ინსპირაციით შექმნა. სკამები, ნიკოს ახალი ბრენდი - დიდი ჭიკარტები და ამბები თვითიზოლაციიდან - ასეთი იყო გამოფენა „სტამბაში“, რომელიც, როგორც ყოველთვის თავისი ორიგინალური ხელწერით გამოირჩეოდა.
"არასოდეს ისე არ ვაკეთებ გამოფენას, თუ რაღაც შიგნით არ დევს , არ მიყვარს ზერელედ გაკეთებული. ყველა გამოფენა რაც კი გამიკეთებია, რაღაცის მატარებელია.“ - აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში ნიკო ცეცხლაძე. და სანამ ინტერვიუმდე გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს ინტერვიუც ისეთივე ორიგინალური გამოვიდა, როგორც ნიკოს შემოქმედებაა. გარკვეული გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, ჟურნალისტის ნაცვლად, ის მხატვარმა, „ანგელოზების მუზეუმის“ დიასახლისმა, ენდი მეყანწიშვილმა ჩაწერა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. ბატონო ნიკო, დიდი ხანია, ქართული საზოგადოება ელოდება თქვენს ახალ გამოფენას და ელოდება კიდევ ერთ ახალ სიტყვას ნიკო ცეცხლაძისგან. ამით გამოირჩევა ყველა თქვენი გამოფენა. ამჯერად, რა გახდა თქვენი შეხვედრის მუზა და რას ეტყვით ამ ახალი გამოფენით თქვენს გულშემატკივრებს? იზოლაციის პერიოდში, ძალიან გამიჭირდა და დავიწყე ფიქრი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რაღაც იდეა გამიჩნდა მეთქი და აქედან დაიწყო ყველაფერი… პრინციპში, სკამი არის ჩემი მეგობარი, განუყოფელი ნაწილი და გადავწყვიტე, ჩემი მეგობრებისთვის დამერეკა და მეკითხა რა იყო მათთვის სკამი. დავურეკე ერთ მეგობარს, დაფიქრდა, რაღაცა მესაუბრა სკამზე, მერე ვუთხარი, მოდი გადაუღე ფოტო და გამომიგზავნე მეთქი. ასე გააკეთა მეორემ, მესამემ. ფოტოებზე ჩვეულებრივი სკამი იყო, მაგრამ დიდი ენერგეტიკა მოდიოდა. მივიღე სადღაც 200-მდე ფოტო, საზღვარგარეთიდანაც მიგზავნიდნენ. ვიღაცებმა თავიანთი სურვილით გამომიგზავნეს, რომ გაიგეს ამ პროექტზე ვმუშაობდი. თან ყოველ დილას რომ ვდგებოდი, ვუღებდი ჩემს ოთახს სადაც ვმუშაობდი და ვუღებდი ფანჯრიდან გარემოს, სადაც დავიბადე, გავიზარდე. ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და ამ იზოლაციის პერიოდში,ფაქტიურად ეს ჩემი ოთახი იყო ინსპირაცია. ჩავთვალე, რომ რატომაც არა, გავაკეთებ გამოფენას, იმიტომ რომ ადრეც მქონდა გაკეთებული სკამებზე სერია, რკინის ობიქტივი. ამ ყველაფერში გვერდით დამიდგა ღია საზოგადოება საქართველოს  სოროსიის ფონდი. ძალიან მოეწონათ ეს პროექტი და მადლობის მეტი რა მეთქმის. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა „სტამბას“, სადაც გამოფენა გავაკეთე. ვთვლი, რომ ამ იზოლაციის პერიოდში, ძალიან შედეგიანად ვიმუშავე. ძალიან საინტერესო გამოვიდა... თითო სკამზე შეიძლება რაღაც პოემა დაწეროს. არის ნამუშევრები რომლებსაც ახსნა განმარტება სჭირდება, ამათ არაფერი არ სჭირდება , ყველაფერი ნათელია. იქ მექნება გამოფენაზე კიდევ ოთხი ნამუშევარი წარვადგინე, იმიტომ რომ კატალოგში არის სკამების ფოტო და არის ფოტოები, ყოველდღე რომ ვუღებდი ჩემს ოთახს. ორმეტრიანი ტილოები მოვიტანე და ფოტოებიდან გადმოვხატე ჩემი ოთახი, ფანჯრიდან დანახული სივრცე. პლიუს ამას ჩემი ბრენდი წარმოვადგინე, გავაკეთე დიდი ჭიკარტები, რომლითაც დავამაგრე ეს ნამუშევრები. კიდევ ვაპირებ უფრო დიდი ჭიკარტების გაკეთებას, როგორც ცალკე დიზაინის. არასოდეს ისე არ ვაკეთებ გამოფენას, თუ რაღაც შიგნით არ დევს , არ მიყვარს ზერელედ გაკეთებული. ყველა გამოფენა რაც კი გამიკეთებია, რაღაცის მატარებელია. შემოქმედი თითქოს მაინ იწყებს გამოფენისთვის მზადებას, როცა საზოგადოებისთვის რაღაცა აქვს სათქმელი. თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით არა მხოლოდ ნამუშევრების წარდგენით, არამედ საზოგადოებრივი აქტივობითამჯერადაც ასე ხომ არ არის?                                              მე ყოველთვის გამოვირჩევი საზოგადოებრივი აქტივობით, ყოველთვის გამაჩნია ჩემი პოზიცია, ყოველთვის ვარ ჩემი ქვეყნის პროგრესის მომხრე და მაქვს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. არ მიყვარს ხოლმე, რომ ამბობენ _ მე ვარ ხელოვანი და პოლიტიკაში არ ვერევი. ეს ჩემი ქვეყანაა და ყველაფერში ჩავერევი!  უნდა იცოდე რა ხდება შენს ქვეყანაში.  ნამუშევარი მაშინ არის ფასეული, როდესაც იმის უკან დგას ადამიანი, რომელმაც იცის რას აკეთებს. უჭკუო კაცის შექმნილი მსოფლიოში არაფერი არ არის. თუ რამეა ღირებული და ფასეული ყველა შექმნა ადამიანმა რომელსაც ჭკუა, პოზიცია აქვს და იცის რას აკეთებს. რითი იყო ეს პერიოდი თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა შეიცვალა თქვენს ნახატებში, ფერები გახდა უფრო მუქი თუ უფრო ღია?                                 ჩემთვის ფერებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ჩემთვის  გარემო არის ყველა ფერი და არაფერი შეცვლილა. უბრალოდ რაღაცეები ხდება  დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. გავაკეთე და ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს… რაც მე მომწონს, ის სხვასაც მოსწონს. მთავარი იცით რა არის? - ნებისმიერი თაობას იმდენად საინტერესო რაღაცები მოაქვს, აი  არ მიყვარს, როცა ამბობენ, ჩვენმა თაობამ რომ გააკეთაო... რას ნიშნავს ეს?! ჩვენზე უკეთესები მოდიან და ღმერთმა დაგვიფაროს ასე არ ხდებოდეს, იმიტომ რომ, მყავს ორი შვილი და ორივეს ვენდობი. იციან ხოლმე თქმა, სანამ დაღვინდება რა უნდა პოლიტიკაშიო… როგორ თუ რა უნდა?! ზუსტად ამ ახალგაზრდას უნდა და არა იმას, რომ  დაბერდება და სიარულის თავიც რომ არა აქვს. ბანალურ მაგალითს მოვიყვან:  ბრწყინვალე სპორტმენი იყო მარადონა, რომელიც მაშინ იყო მაგარი, როდესაც ახალგაზრდა იყო, დღეს რომ ათამაშო, რაღაცას გააკეთებს.  ზუსტად ეგ არის საინტერესო, რაღაც ცვლილებები შემოვიდეს. იმიტომ არა, რომ მე  მთავრობას რაღაცას ვერჩი. იცით რა?  ახლა ცოტა ხანი ადგილი დაუთმეთ სხვას, ახალგაზრდები ვნახოთ რას იზამენ. მე მჯერა ახალგაზრდების, ჩემი შვილების. ერთი ფილმში თამაშობს, მეორე სწავლობს და თავისი  პოზიცია გააჩნია. ეს არის მთავარი. ვენდობი ახალგაზრდებს და მათი დიდი იმედი მაქვს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენზე ბევრად ნიჭიერები მოდიან. დავუშვათ,  ჩემს შვილს ხანდახან  რაღაც რომ ვურჩიო, შეიძლება სხვას დაუჯეროს, იმიტომ რომ პროტესტის გრძნობა გააჩნია. ეს სწორიცაა, რომ არ გააჩნდეს, კიდევ უფრო ცუდი. თუ პროტესტი გაქვს, ესე იგი რაღაცის გამკეთებელი  ხარ. რაც კი დედამიწის ზურგზე შექმნილია, ყველაფერი განათლებული კაცის მიერ არის შექმნილი. უვიცი კაცი საშიშია. არის თუ არა ისეთი რამ, რასაც მხატვარი ვერ იტყვის ტილოზე? თქვენ თუ გქონიათ ასეთი ტილოზე უთქმელი სათქმელი და რა გიქნიათ ასეთ დროს? როდესაც სათქმელი ტილოზე არ მყოფნის,  შეიძლება გავაკეთო ობიექტი, ინსტალაცია, ფოტო, რომ მეტად მივიტანო მაყურებლამდე ჩემი სათქმელი. მაგალითად „რას ფიქრობ დღეს“  მქონდა1989- ში და  საპნით იყო დაწერილი კედელზე. მერე მქონდა  „რატომ “…  ამაზე ერთი წელი ვფიქრობდი. მერე, ჩვეულებრივ ძველ პლიტაზე  ეწერა აისი, რომელიც გამოფენილი იყო „იუნესკოში“. ეს ტილოზე რომ დამეწერა იქნებოდა არაფერი. ასევე, მე და ოლეგ ტიმშენკომ გავაკეთეთ ერთობლივი აქცია, დახატულები ვიტრინაში ვიდექით, მერე დავამტვრიეთ ეს ვიტრინები და გამოვედით. თუ დამჭირდება ჩემს სათქმელს ტილოზე ვიტყვი, თუ დამჭირდება, სხვა ფორმით მივიტან მაყურებლამდე. ხვალ შეიძლება დავჯდე და მთელი დღეები ვილაპარაკო თქვენთან და ამით ვთქვა ჩემი სათქმელი. განსაკუთრებით უყვარხართ ახალგაზრდებს იმის გამო, რომ სხვებისგან განსხვავებით, მათ უყურებთ იმედის თვალით და არა კრიტიკულად. რას ურჩევდით მათ, რისთვის შეაქებდით და რაზე უსაყვედურებდით? ვასწავლი სამხატრო აკადემიაში, მაგისტრატურაზე ფერწერას და თანამედროვე ხელოვნებას.  მოდიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები, მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, ისინი კი ჩემგან, ამიტომ ისინი ჩემი კოლეგები არიან. რას ვურჩედი ახალგაზრდებს?  მუშაობას პირველ რიგში და აზროვნებას, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში ზოგს ხელი უსწრებს წინ და როდესაც ხელი გისწრებს, ეს მალე მთავრდება და როცა ხელი და აზრი ემთხვევა ერთმანეთს,მაშინ იქმნება ფასეული ნამუშევრები. ძალიან აზრიანი ახალგაზრდები მოდიან, დღეს უკვე ყველაფერი გართულებულია არენაზე და ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ცოდნა, განათლება. ეს აუცილებელია. რა უნდა ვურჩიო? _ ვერაფერს ისეთს ვერ ვურჩევ, ერთადერთი _  ვისაც უნდა რაიმეს გაკეთება ის ჩანს, აკეთებს და მიყვება ბოლომდე. ხატვის სწავლა შეიძლება მაგრამ, ის რაც მთავარია, შიგნით უნდა იდოს.  ზოგი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება არაფერი არ ჰქონდეს ნანახი, მაგრამ  მაგარი ნამუშევრები გააკეთოს. ზოგს  კი შეიძლება 4 თარო წიგნი ქონდეს წაკითხული მაგრამ რად გინდა? ვერაფერი გააკეთა….