გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შესაძლებლობები და დარგის წარმომადგენლების საჭიროებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ასევე ფერმერების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებულ პირობებზე.

„ვაშლის მწარმოებლებთან განვიხილეთ საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, დარგში არსებული საჭიროებები და ის საკითხები, რომლებზეც ჩვენი მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ასევე, ვისაუბრეთ სახელმწიფო პროგრამების დახვეწისა და მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდეს როგორც სეზონის დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპებზე, რათა საჭიროებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ და სეზონის შედეგები ერთობლივად შევაჯამოთ“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაშლის მოსავლის წინასწარი პროგნოზირებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც წარმოებისა და რეალიზაციის უკეთ დასაგეგმად, ისე საჭირო კვლევების საქართველოში ჩატარების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

დარგობრივი საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად, მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ვაშლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. 2025/2026 მარკეტინგულ წელს საქართველოდან 24.6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა მარკეტინგულ წელთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 36%-ით, ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი 20%-ით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.