ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა უბანში წყალარინების ქსელების განახლების 8 პროექტი დაფინანსდა.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 760 000 ლარი გამოიყო. ამ დროისთვის, ორ მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დანარჩენ 6 ლოკაციაზე რეაბილიტაცია გრძელდება. კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.