ადიღეში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. ამის შესახებ მარკეტპლეისის პრესსამსახურმა Telegram-ში განაცხადა.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ყველა თანამშრომლის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა და, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. იერიშის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა.
Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმის შესახებ Telegram-ში ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მარატ კუმპილოვმაც განაცხადა.
Telegram-არხ Astra-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, OSINT-ანალიზის, ფოტო და ვიდეომასალების საფუძველზე ირკვევა, რომ Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმის შედეგად ობიექტზე სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის სიღრმეში მდებარე ლოგისტიკურ, სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებენ. Ozon-ი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-მარკეტპლეისია, ხოლო ადიღეს რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს.




