ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია "გელაპთან" პარტნიორობით, მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი ინდექსის დაარსებიდან დღემდე.

ისტორიული პროგრესის დასადგენად, მკვლევარებმა საბაზისო 2005-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ "ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და რუმინეთი".

მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში საქართველო წელს 91-ე ადგილზეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ ფაქტორულ კრიტერიუმში, როგორიცაა თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრს ყურადღების მიღმა არც 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესი დაუტოვებია. ამ შემთხვევაშიც, საქართველო ლიდერთაგანია.

2012 წლის შემდეგ, ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე პოზიციაზე გავიდა.