ლარის კურსის გაუფასურების გამო, ტომარა ფქვილის ფასმა 3-4 ლარით მოიმატა. როგორც პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე აცხადებს ბოლო პერიოდში ტომარა ფქვილზე ფასმა 37-38 ლარიდან 41-42 ლარამდე მოიმატა. თუმცა მისივე თქმით, ბაზარზე მყოფი რამოდენიმე კომპანია, მათ შორის აზერბაიჯანული მწარმოებელი ფქვილს შედარებით დაბალ ფასში - 39 ლარად ყიდის.

 

ფქვილზე ფასის მატება დაასახელეს პურის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად, დღეს კომპანია იფქლში და ლიტვურ საცხობში.

"ჩემი ინფორმაციით სხვა არც ერთ კომპანიას პურის გაძვირება არ მოუხდენია. აღნიშნული ბიზნესი ფასების ზრდაზე არ არის ორიენტირებული, რადგან ფასების ზრდას რეალიზაციის შესუსტება მოსდევს, ლარის კურსი სტაბილურობისკენ მიდის და იმედი გვაქვს ფქვილის ფასი აღარ გაიზრდება", - მალხაზ დოლიძე.

როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირების ტენდენცია აღინიშნება, რაც სამომავლოდ ქართულ ბაზარზეც დადებითად აისახება. ამ ეტაპზე საქართველოში ხორბალის იმპორტიორი კვლავ რუსეთია. ცოტა ხნის წინ კი ქართულ ბაზარზე რუსული ფქვილის მწარმოებელი კომპანია ტერეკიც გამოჩნდა.