2025 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით ტავ ჯორჯია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში წლიურად უკვე 6,349,279 მგზავრს მოემსახურა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მის მართვაში არსებული ორივე აეროპორტი 2025 წელს ჯამში 6,6 მილიონამდე მგზავრით დახურავს.
"2025 წელი რეკორდული იყო როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. დეკემბრის დასაწყისში, ისტორიაში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 5 მილიონ მგზავრს გასცდა, ბათუმში კი ოქტომბერში მილიონ მგზავრს გადავაჭარბეთ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 12 აგვისტოს, როცა 24 საათში მოვემსახურეთ 21,959 მგზავრს და 97 რეისს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო 24 აგვისტო, როცა მივიღეთ და გავაცილეთ 35 რეისი და მოვემსახურეთ 8,446 მგზავრს. აქვე უნდა აღვნიშნო ზრდის პროცენტული მაჩვენებლებიც - თბილისის აეროპორტში შარშანდელთან შედარებით მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით კი 45%-ით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური ზრდა ამ დროისთვის 30%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან (2019) შედარებით კი 96% - რაც დამეთანხმებით უპრეცედენტოდ მაღალი შედეგია. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2025 წლის მგზავრთნაკადი უკვე აჭარბებს 6,3 მილიონს და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 6,6 მილიონამდე გაიზარდება“ - აცხადებს ტავს ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
2025 წლის მონაცემებით თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 61 ავიაკომპანია 67 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნულ აეროპორტებში ოპერირება დაიწყო დამატებით 8 ავიაკომპანიამ. მათ შორის: Air Serbia, British Airways, Easy Jet, Edelweiss, Transavia France, Vision Air, Fly Khiva, Air Samarkand.









